ოპოზიციურმა პარტიებმა რა სიახლეც არ უნდა დააანონსონ, მათი მხრიდან ყველაფერი იქნება ხავსზე ხელის მოკიდება. ფაქტობრივად, ყველაფერი ნანახი გვაქვს. განცხადებები ადრეც მოგვისმენია, მათ შორის ისიც, რომ ხალხთან აპირებდნენ ურთიერთობას, მაგრამ შედეგად ყოველთვის მივიღეთ ის, რომ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ არც რაიმე ელექტორალური რესურსი აქვთ.

„ვითომ პოლიტიკურ საქმიანობაში სიახლეების შემოტანას ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი უსუსური მცდელობაა. რაც შეეხება 26 მაისს, ბოლო მოვლენებისას, მაგალითად, პატრიარქის გარდაცვალების დღეებში ყველამ დაინახა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ის ფასეულობები, ღირებულებები, რაზეც, ზოგადად, ჩვენი საზოგადოება დგას. როგორც ჩანს, ამის შემდეგ რადიკალური ოპოზიციაც გარკვეულ თემებზე დაფიქრდა და თავიანთ პოლიტიკაში სიახლეების შემოტანა გადაწყვიტა, მაგრამ ეს ყველაფერი ფარისევლობაა. ღირებულებები, რაზეც თავიანთ პოლიტიკას აგებენ, მთლიანად აცდენილია იმ ფასეულობებს, რაზეც ჩვენი საზოგადოება დგას“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.