რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის განწირულია. არ გაამართლა წამებული მიშას ხატის შექმნამ, ეს გეგმა ჩაიშალა, ახლა დღის წესრიგში ისევ კანდიდატის სტატუსია. სასწორის ერთ ფიალაზე ისევ საქართველოს მომავალი დევს, მეორეზე მათი დაუოკებელი ვნებები და ლტოლვა ხელისუფლებისკენ, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია თავიანთი კეთილდღეობა, ჯიბეების გასქელება და იმ „ცოდვის კალოს დატრიალება, რაც მათი მმართველობის პერიოდში ტრიალებდა“.

„ახლა რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს ეცდება, რომ დაქირავებული ლობისტებითა და მოკავშირეებით კანდიდატის სტატუსის პროცესი ჩაშალოს, ქართველმა ხალხმა რაღაც ზიანი მიიღოს, მერე ყურადღების ვექტორები შიდა პროცესებზე გადმოიტანოს, არეულობა მოაწყოს და თავის მიზანს მიაღწიოს.

ჩემი მოსაზრებით, ცივილიზებული სამყარო სწორ არჩევანს გააკეთებს. აქეთ არის „ქოლცენტრებითა“ და კრიმინალური ფულით გამდიდრებული პარტია და მეორე მხარეს დგას ხალხის კეთილდღეობაზე მინდობილი პოლიტიკური ძალა, რომელიც სარგებლობს ხალხის ნდობით, სადაც დემოკრატიული სტანდარტები დაცულია - ამ ორ რამეს შორის უნდა გააკეთოს ცივილიზებულმა სამყარომ არჩევანი“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.