შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა. პირველი მოადგილის თანამდებობა კახაბერ საბანაძემ დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კახაბერ საბანაძე 2017 წლის მაისიდან იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

"კახაბერ საბანაძე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2015-2017 წლებში კახაბერ საბანაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. 2006-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსი და ამავე სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004-2006 წლებში - საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე",- ნათქვამია განცხადებაში. 

გიორგი გახარიამ შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი შეცვალა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს განაცხადა.