პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიას შეფასებით, ნამახვანჰესის კონტრაქტი ზოგიერთი სხვა მსხვილი ჰესის კონტრაქტთან შედარებით, ბევრად უკეთესია.
"კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული 2019 წლის აპრილში და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ, მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს. ჩემი ბრალია, ჩემი პასუხისმგებლობაა, არც მახსოვს ეს კონტრაქტი, როგორ გაიარა. უბრალოდ, ეს კონტრაქტი თქვენ რომ აიღოთ და შეადაროთ სხვა მსხვილ ჰესების კონტრაქტს... ეს არ არის გარანტია, რომ კარგია ან ცუდია", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, დღეს შექმნილ ვითარებაში მთავარი პრობლემა ხელისუფლებასა და ჰესის მოწინააღმდეგეებს შორის კომუნიკაციაა. "მთავარი პრობლემა არის შემდეგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. ამიტომ, პრობლემა აქ არის ეს კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან. ეს თუ არ მოგვარდა, პრობლემა იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ: ჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. "რიონის მცველები" ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა; დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.