ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის ბოიკოტს, როცა ეს აუცილებელი და საჭირო იქნება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის ბოიკოტს, როცა ეს აუცილებელი და საჭირო იქნება. ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში და დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკური ძალები და პარტიები, რომლებმაც დღეს ბოიკოტზე ისაუბრეს, შემოგვიერთდებიან საქართველოს პარლამენტში ვეტოს და საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად. ჩვენ გვაქვს მარტივი პოზიცია, ჩვენ გამოვიყენებთ ყველაფერს, მათ შორის ბოიკოტსაც, მაგრამ ყველა დაწყებული საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პარტია, რომლებმაც დღეს გამოაცხადეს ბოიკოტი, საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს პროცესში, დაუდგება საქართველოს პრეზიდენტს გვერდში და იბრძოლებს ჩვენთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დასაცავად ",- განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს.