კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვითვალთვალებენ, ან არ გვისმენენ - სამწუხაროდ, ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომელიც ფარულ ჩანაწერებს უკავშირდებოდა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვითვალთვალებენ, ან არ გვისმენენ. მათ შორის, უკანონოდ უსმენენ გამოძიებაზე მომუშავე ჟურნალისტებს არა სადმე ქუჩაში მიყურადებით, არამედ პირდაპირ მათ ოფისებში და არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით ხდება უკანონო ჩაწერა - სპეციალურად დამონტაჟებული სათვალთვალო აპარატურით, მობილურების ან ოთახში მდებარე კომპიუტერების საშუალებით თუ ნებისმიერი სხვა მეთოდით. რა მიზანს ემსახურებოდა ამ ჩანაწერის ახლა გაჩენა? - როგორც, თავის დროზე, "ჰაკიმ ფაშას" სახელით ვიდეოს გამოგდება და შემდეგ გამოძიების დაწყება, ან დავით ხიდაშელის მიერ რუკების ჩამოტანა და კარტოგრაფების საქმის წამოწყება. რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამჯერად ამ ჩანაწერის გამოქვეყნება? - ამას, დიდი ალბათობით, მალე ვნახავთ და გავიგებთ. თან რისთვის დასჭირდათ ჩვენი საუბრიდან სწორედ ამ ფრაგმენტების გამოყენება? ხომ ნათელია, რომ მხოლოდ ეს მონაკვეთი არ იქნება ჩაწერილი - წარმოიდგინეთ, სინამდვილეში რამდენს იწერენ და რამდენ ადგილას, რამდენ ოთახში!...როგორც უკვე ვთქვი, ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს. ეს განხილვა ჩემი და ჩემი კოლეგების მონაწილეობით ნამდვილად შედგა ამ შენობაში, 2021 წლის ნოემბერში, როდესაც მე "პოსტ-ფაქტუმის" წამყვანი ვიყავი, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეიმჩნევა მონტაჟის კვალი, განსაკუთრებით, მაგალითად, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ლაშა კვესელაძე ლაპარაკობ“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ და აღნიშნა, რომ „ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა“. გიორგი გაბუნია მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს და ელჩებს დაინტერესდნენ „მთავარ არხზე“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით. შეგახსენებთ: „აი იას“ დამფუძნებელმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გუშინ ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდოდ, "მთავარი არხის" ჟურნალისტებისა და პროდიუსერის საუბარია ასახული.