„ჩვენ დღეს ყველანი მომსწრე ვართ საქართველოს ევროინტეგრაციის ღია საბოტაჟის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ შემდეგი პრინციპით, რომ ჩვენ შემდეგ ყველაფერი წყალსაც წაუღია, უკვე აღარც მალავენ და ეს უკვე ღიად გაცხადდა.
„ზუსტად იმავეს აკეთებდნენ 2014-2015-2016 წლებში, როცა დადიოდნენ სხვადასხვა დერეფნებში და ითხოვდნენ რომ საქართველოს არ მიეღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, საქართველოს არ მიეღო ასოცირების შეთანხმება, არ მიეღო თავისუფალი ვაჭრობა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და დღეს ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს სამივე სიკეთე“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, საზოგადოება მიხვდება თუ ვინ არის ევროპული ფასეულობების მხარეს და ვინ საპირისპირო მიმართულებით.
„საინტერესოა ვინ როგორ საუბრობს ევროპულ ფასეულობებზე და ზოგადად ევროინტეგრაციაზე. ვინ გადმოფენს ევროკავშირის დროშებს ამ დარბაზში და რეალურად საპირისპირო ქმედებებს სჩადის. ეს ადამიანები არიან მაგალითად, გივი თარგამაძე, ხალხს სულის ამოხდით რომ ემუქრებოდა. ეს არის ელენე ხოშტარია, ადამიანი, რომელიც პირდაპირ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს არის ზურა (გირჩი) ჯაფარიძე, ოკუპანტს „ვაჟკაცურად“ რომ შეეგება და ქართულ ჯარს რომ მტრობს მთელი თავისი „იდეოლოგიით“. ეს არის სალომე სამადაშვილი, ადამიანი, რომელიც იყო დიპლომატი და ორი კვირის წინ პირდაპირ ეთერში ითხოვდა საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას. ეს არის გიორგი ვაშაძე, რომელიც რუსებზე აქირავებს ბინას. მაინტერესებს უბრალოდ მივმართავ, რუბლებში იღებს გაქირავების საფასურს? ეს როგორი სტანდარტია? ვისზე რას ლაპარაკობთ, როგორ გიბრუნდებათ ენა პირში და როგორ ლაპარაკობთ ღალატზე და ქვეყნის მტრობაზე. თქვენ ხართ ადამიანები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლებმაც ჩვენი გმირი სამხედროები ბრძოლის ველზე მიატოვა. შემდეგ სამარცხვინო რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოში და რუსეთის მოქალაქეებს საზღვრებიც კი გაუხსნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკვე მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მეტიც, ლარსზე თვენი პრეზიდენტი ყვავილებით ეგებებოდა რუსებს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
დეპუტატმა ოპოზიციას ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებითაც მიმართა.
„საქმე მარტივადაა, უბრალოდ უნდა მოხვიდეთ და ჩაერთოთ 12 პუნქტის შესრულების პროცესში, ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოგიწოდებენ“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.