მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი და მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი უხერხულია. მისი ოჯახის წევრი - მამა, ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
„არ მინდა ვინმეს შევახსენო საკუთარი წარსული, მაგრამ ცოტა უხერხულია ბატონი მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომელსაც ის წარმოადგენს. ასევე მისგან უხერხულია მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი. მინდა მას შევახსენო და თუ ვინმეს დააინტერესებს, შემიძლია გადავუგზავნო და მერე თქვენ "ჩათში" განიხილოთ, თუ როგორ სვამდა ხოლმე მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი მისი ოჯახის წევრი - მამა სამეზობლოში, ყვარელში. რაც შეეხება თქვენს საქმიანობას, უკვე ყველა კარგად დარწმუნდა, რომ არ გაინტერესებთ თქვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. აქ მხოლოდ იმით ხართ დაკავებული, რომ საკუთარი კომფორტი შეიქმნათ და არ ისმოდეს ოპოზიციის ხმა. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლისთვისაც ემზადებით, რომ უფლებამოსილება შეუწყვიტოთ ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს, სწორედ ამას უკავშირდება. თქვენი მთავარი მიზანი ოპონენტების დევნაა. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ისიც, თუ როგორ ზის ციხეში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენი ოპონენტია, არამედ იმიტომ, რომ მას ძალიან დიდი წვლილი აქვს იმ ქვეყნის განვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლის განვითარებასაც თქვენ ყოველდღიურად კლავთ. არ გაინტერესებთ რა ხდება რეგიონებში, თვითმმართველობა გაანადგურეთ! პრობლემას პრობლემაზე უმატებთ. იმის ნაცვლად, რომ დაპირებები შეასრულოთ, ფასები გააორმაგეთ და გაასამმაგეთ, გააათმაგეთ კომუნალური ტარიფები და ფასები პროდუქტებზე. თქვენ სხვა საქართველოში ცხოვრობთ, დანარჩენი მოსახლეობა - სხვა საქართველოში. მილიონებს, რომელზეც აცხადებთ, რომ ხარჯავთ ყოველწლიურად, თურმე იპარავთ და ამას ფაქტები ადასტურებს. წყლის გარეშეა დარჩენილი ნახევარი საქართველო და ამის ნათელი მაგალითია ქალაქი თელავი. სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომელიც ხალხს და გლეხს უნდა ემსახურებოდეს, რეალურად თქვენს ჩინოვნიკებს ემსახურება და მათ კეთილდღეობაზეა მორგებული“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. დავით მათიკაშვილი: „ფეიკ ნიუსს “ იყენებს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რაც „ფეიკს“ გააჩნია