ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს ყოფილი დიპლომატების მიერ ქართული ოცნებაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, არავის გზავნილი არ იქნება საკმარისი იმ ვითარების შესაცვლელად, რაც გვაქვს და ამისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

ბოკერიას თქმით, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ბევრად უფრო დაცულები არიან ვიდრე, საქართველო და უკრაინა და ამას თანმიმდევრული პოლიტიკით მიაღწიეს.

 მათაც უამრავი ბარიერი ჰქონდათ, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდანვე დაიწყეს კამპანია და 14 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიეღწიათ.

ჩვენთვის ერთადერთი დაცულობის გზა არის ნატოში გაწევრიანება ან აშშ-სთან სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და დასავლურ სივრცეში ინტეგრია ჩვენს თავდაცვისუნარიანობის ზრდასთან ერთად, ამის ალტერნატივა არ არსებობს” -აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ყველა ხელისუფლება, ვინც ამ ამოცანას ბოლომდე არ მისდევს ან მით უმეტეს მის საწინააღმდეგოდ მიდის, ღალატობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

 ამის მაგალითია სწორედ ქართული ოცნება და ეს მოწოდებებიც უბრალოდ ვითარების აღწერაა. ჩვენ არა თუ არ გვჭირდება ანტიდასავლური რიტორიკის მქონე ხელისუფლება, არამედ პასიურად ყოფნაც კი ღალატია. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც პროაქტიურად იმოქმედებს ამ ამოცანის მისაღწევად.

გადაწყვეტილება შეიძლება დღეს და ხვალ არ იქნას მიღებული, ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითიც არსებობს, თუმცა ყოველდღიურად წინ და წინ უნდა მიდიოდე, რათა ისტორიული შანსისას შეაბიჯო ამ სამყაროში და შენი ქვეყანა და მოქალაქეების სიცოცხლე უფრო დაცული გახადო.

ამ ყველაფრის ნაცვლად გვყავს ხელისუფლება, რომელიც წლებია ამ დღის წესრიგს არა თუ არ მიყვება, საერთოდ რიტორიკაშიც არ აქვს, რაღაც სქოლიოებს თუ არ ჩავთვლით და რეალურად არ ლობირებს საქართველოს გაწევრიანებას. სამაგიეროდ ეწევა პროპაგანდას, რომ თითქოს მათ არ ვუნდივართ და ამით უიმედობას ნერგავს.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ დასავლეთმაც შეიძლება დაუშვას შეცდომები, როგორც მანამდე დაუშვა, ბარიერიც ბევრი იქნება, ბალტიისპირეთის მაგალითიც ამაზე მიუთითებს, ოღონდ ეს ჩვენს ამოცანებს არ უნდა ცვლიდეს” - თქვა გიგა ბოკერიამ