„პირველი საკითხი: 2008 წელს ნებისმიერი ლეგალური ფორმით იარაღის შესყიდვა საქართველოსთვის პრობლემა იყო, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია აწარმოებდა წნეხს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდათ და მათ სამწუხაროდ ჰქონდათ გავლენა, მათ შორის, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზეც რათა შეეზღუდათ საქართველოს შესაძლებლობები.

ჩვენთვის, ვისთვისაც აშკარა იყო, რომ რუსეთის საფრთხე ახლოვდებოდა და ამის შანსი დიდი იყო, დიახ, პრინციპული საკითხი იყო, ვინც პოლიტიკურად ხელს გაგვიწვდიდა და საფასურის სანაცვლოდ მოგვაწვდიდა იარაღს. ეს გააკეთა უკრაინამ და არც ახლა ითხოვს ვინმე საქართველოსგან უფასოდ რაიმეს გადაცემას, ოღონდ, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ამ იარაღის გადაცემა, რომელიც დღეს მას სჭირდება პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, რის საფასურადაც საქართველოს უკეთესს იარაღს მიიღებდა აშშ-სგან“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემის გადაცემაზე უარის თქმას.

„მთელი ეს პროპაგანდა, თითქოს ვიღაცამ თქვა, რომ უსასყიდლოდ უნდა გადავცეთ და ეს რატომ უნდა ვქნათ, მთლიანად სიცრუეზეა დამყარებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რატომ შეიძლება ნორმალურ მთავრობას არ უნდოდეს საქართველოსთვის უკეთესი იარაღის შეძენა და ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება?! აქ მათი “არგუმენტია” რომ თითქოს ეს ომში ჩათრევის ტოლფასია, ანუ საქართველოს ჯარის გაძლიერება არ უნდა მოხდეს, რომ ომში არ ჩაგვითრიონ?! იქამდე მიდის ეს მოღალატეობრივი ლოგიკა, რომ ჯარი უნდა გავაუქმოთ, რათა პროვოკაცია არ მოხდეს.

სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით, დღეს ჩვენი ჯარის არ გაძლიერება არის ღალატი და ამ ვითარებით სწორი გაგებით არ სარგებლობა. ეგ არის სწორედ ღალატი, ეგ ზრდის სწორედ რისკს, რომ მომავალში, ახლო მომავალში პუტინის რუსეთიდან აგრესიისა. თუ არ გაძლიერდი, თუ ახლა არ იმუშავე იმაზე, რომ მტრისთვის პრობლემა იყო შენზე თავდასხმა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ემზადები იმისთვის, რომ აუცილებლად მოხდება ომი, მაგრამ აგრესიისთვის მზადება, ამ აგრესიის რისკს არა თუ ზრდის, არამედ ამცირებს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: უკრაინისგან მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო, რაც საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა.