ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში ნაციონალური მოძრაობისა და გახარია - საქართველოსთვის საკრებულოებში უმოქმედობაზე ბრიფინგი გამართა.

„ევროპულმა საქართველომ 2022 წლის მაისში ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან, ხოლო დეკემბერში მერიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოების მხრიდან მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ორივე საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, ზუგდიდის საკრებულო ენმ-ს 21, გახარია - პარტია საქართველოსთვის 3, ხოლო ქართული ოცნების 20 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო რუსთავის საკრებულოში, ენმ-ს 16, გახარია - პარტია საქართველოსთვის 3 და ქართული ოცნების 17 დეპუტატია.

გამოგზავნილი წერილებით ირკვევა, რომ ზუგდიდის საკრებულოს მსგავსი სახის საქმიანობა არ განუხორციელებია, ხოლო რუსთავის საკრებულოს საერთოდ არ შეუქმნია მსგავსი ტიპის სარევიზიო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ პასუხამდე 6 თვე გავიდა, სარევიზიო კომისია რუსთავის საკრებულოში დღემდე არ ფუნქციონირებს.

„ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმური ძალაუფლების შესანარჩუნებლად უკანონო, კრიმინალურ მეთოდებთან ერთად ოპონენტების ნაწილის, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობის არათანმიმდევრულობას, უპრინციპობასა და უპასუხისმგელბობას იყენებს, რომელსაც რეჟიმის ყველა ოპონენტის საერთო სახედ წარმოაჩენს.

ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა განასხვავონ პარტიები და აიძულონ ისინი, იმოქმედონ პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სრული განცდით, განსაკუთრებით იქ, სადაც მათ მოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადეს. ამისთვის კი აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ამომრჩევლების ინფორმირება, თუ როგორ იქცევიან პარტიები იქ, სადაც მათ უმრავლესობა და მართვის ეფექტური ინსტრუმენტები მოიპოვეს. ასეთი არის რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოები, სადაც ძალადობისა და უკანონო მეთოდების მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ და გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" უმრავლესობის მოპოვება და შენარჩუნება შეძლეს.


ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში აღნიშნული პარტიებიდან არცერთს არ გამოუყენებია ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად, რომელთა გამოყენებითაც რეჟიმი მოქალაქეთა ინტერესების წინააღმდეგ ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებს. ამისათვის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი - სარევიზიო კომისია - ამ ორ საკრებულოში გახარიას პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ გამოუყენებია. რუსთავის საკრებულოში კომისია საერთოდ არ შეუქმნიათ, ზუგდიდის საკრებულოს სარევიზიო კომისიას კი არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის არც წარსული, არც აწმყო საქმიანობის შემოწმება არ განუხორციელებია. აღსანიშნავია, რომ ამ ორ საკრებულოთაგან ერთ-ერთი ნაციონალურ მოძრაობაში დღეს დაპირისპირებული ერთი ჯგუფი, მეორეს კი - მეორე ჯგუფი წარმოადგენს.


საბიუჯეტო ორგანიზაციების საქმიანობის რევიზია მოქალაქეებს მისცემდა შესაძლებლობას, ფაქტებზე დაყრდნობით ესაუბრათ ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე, რეჟიმის ოპონენტებს კი ხელისუფლებაზე ლეგიტიმური წნეხის შესაძლებლობას მისცემდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პარტიები არალეგიტიმურ პარლამენტში რჩებიან, სადაც, მათივე თქმით, ხელისუფლების დასაბალანსებლად პრაქტიკული ინსტრუმენტები არ გააჩნიათ, ხოლო იქ სადაც გააჩნიათ, მათი გამოყენებისთვის თავსაც არ იწუხებენ. მსგავსი უპასუხისმგებლო უმოქმედობა აძლიერებს რეჟიმის პროპაგანდას და ასუსტებს საპროტესტო ელექტორატს, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს ივანიშვილის მოღალატე რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენას.
ჩვენი აზრით, ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად და ქვეყნის ისტორიული ჩიხიდან გამოსაყვანად, აუცილებელია ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში მოხდეს გადატვირთვა, რასაც მხოლოდ მოქალაქეები შეძლებენ, მეტი კრიტიკულობითა და იმ პოლიტიკურ პარტიათა მხარდაჭერით, რომლებიც მოქმედებენ პასუხისმგებლობით და საზოგადოების ინტერესებს არ მტრობენ." - განაცხადა გიგა ბოკერიამ.