„ქართული ოცნება“ აქამდეც აკონტროლებდა ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ისინი აქამდეც აკონტროლებდნენ ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ. ამაზე საზოგადოების პასუხი უნდა იყოს წინასაარჩევნოდ იმ ატმოსფეროს შექმნა, როგორიც იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომ ან ვერ გაბედონ გაყალბება, ან თუ გაბედავენ, ამას მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია“, - თქვა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, მმართველმა უმრავლესობამ “საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა.