ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელ, ბექა მინდიაშვილზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ თემაში მორალურად ბოლომდე მართლები ვართ ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლების ან საპატრიარქოს მხრიდან საბჭოთა წარსულისა და სტალინის განდიდება სირცხვილია“ - გიგა ბოკერია
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ბექა მინდიაშვილისა და აქედან გამომდინარე, ზოგადად, აშშ-ს, დონორებისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია ივანიშვილის რეჟიმისა და ყველა პუტინისტური, ან ოპორტუნისტული ძალის ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული კამპანიის გაგრძელებაა.
მისი თქმით, პრობლემის ძირი იმაშია, რომ საპატრიარქოში, ყველა თვალსაზრისით, კატასტროფული მორალური ვითარება გვაქვს და სტალინის საკითხმა ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა.
„ეს ხალხი ამ ამბის გამოყენებას მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ღალატის გადასაფარად ცდილობს, რომ ამ ფარისევლობით, ვითომ, ჩვენი პატრიოტიზმის, მრწამსისა და ეკლესიის დაცვას ეწევიან. ამ საკითხზე უკან დახევა, კომპრომისი ან დისტანცირება, როგორც, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, მორალურად სამარცხვინოა და პრაგმატულადაც არანაირ შედეგს არ მოიტანს.
ივანიშვილის რეჟიმი საპატრიარქოს თემის გამოყენებით, ამ სპეკულირებას, ფარისევლობასა და შეტევაზე ყოფნას განაგრძობს. ჩვენ ამ საკითხში შეტევაზე უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ამ თემაში მორალურად ბოლომდე მართლები ვართ ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლების ან საპატრიარქოს მხრიდან საბჭოთა წარსულისა და სტალინის განდიდება სირცხვილია". - თქვა ბოკერიამ.