ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ს ბაზების საქართველოში განთავსებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რეალურია, რომ აშშ-მ მისი ბაზების საქართველოში განთავსება შემოგვთავაზა, მთავარი ისაა, თუ როგორ გზავნილს აკეთებს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სპიკერი და რა არის ის განწყობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს აქვს ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ.
„ ეს ხელისუფლება წლებია და განსაკუთრებით, ბოლო წლებია აწარმოებს პროპაგანდას, რომ მისი მოქმედებებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს, ხოლო ამავე დროს, ამ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა საქართველოს ნატოში გაწევრიანება, როგორიცაა აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსება ჩვენს ტერიტორიაზე, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის თავის დაცვის ყველაზე სასურველი კომბინაციაა, სრულიად ბრიყვულ და მავნებლურ რეაქციას გამოთქვამს.
ამით გზავნილს უკეთებს ყველას, ვინც ჩვენი მოკავშირე და ლობისტი უნდა იყოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე, რომ ჩვენს ქვეყანას ეს არ აინტერესებს. იმ უსინდისო სიცრუეზეც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა, რომ თითქოს ნატოში გაწევრიანება და ჩვენს ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსება ურთიერთსაპირისპიროა - ეს არა თუ ურთიერთგამომრიცხავი, არამედ შემვსები ფაქტორებია“.- აცხადებს ბოკერია.
ბოკერია აღნიშნავს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნატოს წევრობის მიუხედავად, მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ კამპანია, რომ მათ ტერიტორიაზე მოკავშირე ქვეყნების ბაზები განლაგებულიყო, რათა ნატოს მეხუთე მუხლის დაცვა ეფექტურად მომხდარიყო. ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ და ახლა კვლავ მიდის კამპანია, რომ მოკავშირეების, განსაკუთრებით აშშ-ს ბაზების რაოდენობა გაიზარდოს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.
„ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ერთი მხრივ დროშას აფრიალებს, რომ მშვიდობა უნდა დავიცვაო და სინამდვილეში, ყველა მისი მოქმედებით, იმ განწყობით, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, ჩვენს უსაფრთხოებას უზარმაზარ დარტყმას აყენებს.
დღეს სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლება უნდა ლობირებდეს ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და თუ შანსი იქნება, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო შენაერთების განლაგებას, რაც ჩვენი აზრით არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად თავისუფალი სამყაროს ინტერესებში შედის. არ არგუმენტებით უნდა იყოს შეიარაღებული ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს და არა ის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს“.- ამბობს ბოკერია.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, უკრაინისგან განსხვავებით, რომელიც აქტიურ თავდაცვით ფაზაშია რუსეთის აგრესიისგან, ბევრად უფრო სწრაფი გზით სვლის არგუმენტი გვაქვს ნატოში გასაწევრიანებლად, მაგრამ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რეალურად იზრუნებდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვაზე.
„კობახიძის ეს სამარცხვინო განცხადებაც სწორედ ამის დასტურია და ყველა მოქალაქე, რომელიც შეიძლება შეცდომაში შეიყვანეს, რომ მათი მოქმედებებით ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, უნდა დარწმუნდეს, რომ ეს დიდი სიცრუეა. სინამდვილეში ივანიშვილის რეჟიმის თითოეული დღე ხელისუფლებაში ჩვენს უსაფრთხოებას ურტყამს, არა თუ აძლიერებს“ - თქვა გიგა ბოკერიამ