ყველა საკითხი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას შეეხება, საქართველოს ზედმიწევნით აქვს შესრულებული და იმ ჩარჩოებში ჯდება, რომელიც განსაზღვრას საზღვრის კონტროლს, მესამე ქვეყნებიდან შემოსულ პირთა გადაადგილებას, სავიზო კონტროლის სიმკაცრეს საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს.
გია ვოლსკის შეფასებით, დღემდე მიმდინარეობს რევოლუციის წახალისება, მათ შორის დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტით.
„ანგარიშის და რეზოლუციის დასკვნითი და შინაარსობრივი ნაწილი რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ვინმეს წინააღმდეგ თუ იმოქმედა კანონმა და დასჯილია, რეალურად, ეს იმ სცენარის მიხედვით მოხდა, რომელიც თავად დაამუშავეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს ჩვენ მიმართ გამოთქვამენ საყვედურებს. მოამზადეს, დააფინანსეს, პოლიტიკურად მხარი დაუჭირეს ექსტრემისტული პროცესების განვითარებას, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებულ აქციებში და საქართველოს უკრაინიზაციისკენ პირდაპირ მოუწოდეს. ზოგიერთი ოფიციალური პირი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, მაიდანზეც ღიად ალაპარაკდა. რჩება იგივე მიზანი, რომ საქართველოში როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს.
დღემდე მიმდინარეობს რევოლუციის წახალისება, მათ შორის ამ დოკუმენტით, რომელიც ახლა გამოქვეყნდა. ყველა საკითხი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას შეეხება, საქართველოს ზედმიწევნით აქვს შესრულებული და იმ ჩარჩოებში ჯდება, რომელიც განსაზღვრას საზღვრის კონტროლს, მესამე ქვეყნებიდან შემოსულ პირთა გადაადგილებას, სავიზო კონტროლის სიმკაცრეს საქართველოში და ა.შ. მთელი ეს მოთხოვნები კარგად არის შესრულებული. ამ მოხსენების მიუხედავად, არ არსებობს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება და მთელ ქვეყანას, მოსახლეობას დასჯიან. ცალკეულ განცხადებებში არის მინიშნება, მოსახლეობა იმის გამო იმსახურებს დასჯას, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში მხარი დაუჭირეს. ამის ერთ-ერთ მექანიზმად, ბერკეტად და შანტაჟის ფორმად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა მიჩნეული. არსებობს დამოკიდებულებები, რეალური სურათის ხედვა – საქართველოში მოსახლეობა ინტელექტუალურად დაბალ დონეზე არ არის, რომ ვერ გაიგოს, რა ხდება მსოფლიოში და იმ ადამიანებს რა სჭირდებათ, ვინც გვემუქრება და მუშტებს გვიქნევს. მზად ვართ, ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად ნებისმიერ დროს, დღეს მზად ვართ, თუნდაც მოლაპარაკების პროცესი გავხსნათ, თუმცა 2028 წლისთვის გაცილებით მაღალ დონეზე ვიქნებით, ამაზეც გარკვეულ პრეტენზიას გვიყენებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.




