მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს. "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.
წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით. კიდევ ერთი სიახლის მიხედვით პირს, რომელიც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
საკანონმდებლო ცვლილება ასევე შეეხება მეწარმე სუბიექტებს. ცვლილების თანახმად, მეწარმე სუბიექტის მხრიდან ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, სამართალდარღვევად ჩაითვლება.
პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში შავი ფულის შემოდინების გასაკონტროლებლად საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციის მიღება.
"საერთაშორისო პარტნიორები გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყანა უნდა მართონ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და დააფინანსონ ყველა შემთხვევაში ის ჯგუფები, რომლებიც ამ ექსტრემისტულ პროცესებს ავითარებენ საქართველოში. უნდა მოიძებნოს რაღაც სხვა გზა, რომ ეს რესურსი შემოვიდეს საქართველოში, რომელიც ხმარდება რევოლუციური პროცესის განვითარებას. ამის თაობაზე წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა. ის კი არა , რომ თანამშრომლობა ფინანსური რესურსის გამოყენებით იყოს გამჭვირვალე. არა - პირდაპირ გეუბნება, რომ შემოვიტან იმ თანხას და გზებს მოვძებნი იმისათვის, რათა კანონს გვერდი ავუარო, ეს ხომ შავი ფულია. მით უმეტეს, ეს შავი ფული ემსახურება საქართველოში დესტაბილიზაციას. რასაკვირველია კანონი უნდა მიიღო ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.




