ლევან ხაბეიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია როდესაც არის ზუსტად ერთნაირი, მაშინ უნდა თქვას, რომ მე ამ პოლიტიკურ ძალას ვუჭერ მხარს და ამ პოლიტიკური ძალის პლატფორმიდან გამოვდივარ. კეთილი უნდა ინებო და ამასთან დაკავშირებით, რომ მივლინებაში ვერ წავედი, რომ იქ დროული არ იყო მთავრობის პასუხი, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყველაფერი გამჭვირვალეა, როდის შემოიტანა მან განცხადება და როდის იყო პასუხი მიღებული, საერთოდ რატომ უნდა იყოს ამ თემაზე ლაპარაკი?!
არსებობს საერთაშორისო ფორუმები, არსებობს პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც სიმბოლური ინსტიტუტი ჰქვია საპარლამენტო ქვეყანაში და არსებობს ის აუცილებლობა საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არ დააზიანო. რადგან საგარეო კურსთან დაკავშირებით თუ ვერ შეთანხმდები ქვეყნის მთავრობასთან, ის ფუნქცია მაინც უნდა იკისრო, რომელსაც ჰქვია დამბალანსებელი, დეპოლარიზაციის წინააღმდეგ გამლაშქრებელი.
რა სტრასბურგზე და ბრიუსელზე ვსაუბრობთ?! რა პლატფორმის ტრიბუნის მიცემაზეა? როდესაც პრეზიდენტი პრინციპულად დაუპირისპირდა იმ პოზიციას, რაც კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით თავის პოზიციას არ დათმობს, აი ამ მიმართულებით მიდის და ამბობს, რომ არც არასდროს ყოფილა და არც ახლა არ არის. ამ საომარ, მსოფლიო ომის დონის დაპირისპირებაში საქართველო გამოჰყავს თავის დასავლელი პარტნიორების წინაშე, როგორც სწორედაც სამიზნე იმისათვის, რომ მის მიმართ გამოიყენონ უფრო მკაცრი ზომები და მის მიმართ იყოს გაღიზიანება. ასეთი რამე წარმოუდგენელია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემა, რაც გახდა პრეზიდენტის ვიზიტის გადადების მიზეზი, სიმართლეს არ შეესაბამება. მანამდე სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო ვიზიტი სტრასბურგში.