ეუთო-ს დელეგაცია საქართველოში ჩამოსულია სასაუბროდ, მათ შორის ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან, ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ახასიათებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე შეფასებით, რომელი დელეგაციაც არ უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში, ოპოზიციის სცენარი მაინც უცვლელი დარჩება.

„ეუთო-ს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა – შვეიცარია ჰყავს. შვეიცარია საკმაოდ აქტიურია. მისი წარმომადგენელი ყოველთვის აქტიური იყო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატშიც. არ დაგვავიწყდეს, არჩევნების შემდეგ ეუთო-ს ჰქონდა დასკვნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, საქართველოში არჩეული ხელისუფლებაა. ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებში, შეიძლება, რაღაც პრობლემები წარმოიშვას, მაგრამ მთავარი ჯერ ისაა, რომ ჩამოსული არიან სასაუბროდ, მათ შორის ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან, ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ახასიათებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონს.

ეუთო-ს დელეგაცია საქართველოში რომც არ ჩამოსულიყო, ე.წ. ოპოზიციას დღის წესრიგი რაც აქვს, არ შეცვლილა. არც შეიცვლება, ვიდრე სხვა ინსტრუქცია არ ექნებათ. უკვე არაერთხელ ვიხილეთ მათი ქმედებები და მიზანი, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევისას.
ხან ეუთო-ს დელეგაცია ჩამოვა საქართველოში, ხან სხვა დელეგაცია, მაგრამ ის ზღაპარი, ის სცენარი, ის აგრესია და მავნებლობა, რომელიც ე.წ. ოპოზიციას ახასიათებს, არანაირად არ შეიცვლება, არც შინაარსით და არც ქმედების სცენარით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.