იმედია, მტკიცებულებების ერთობლიობა ეჭვს არავის უტოვებს, რომ ბაჩიაშვილი დამნაშავეა, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ბაჩიაშვილს თავად არც არაფერი აქვს გამამართლებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

„ამბობს, თანხა ავიღე, ამ თანხით მოგება მივიღე და ეს მოგება დავმალეო. ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს სისულელეს. ისევე როგორც სისულელეს ამბობდნენ სააკაშვილის მოწამვლასთან, დემენციასთან დაკავშირებით. სააკაშვილთან დაკავშირებით აბსოლუტური სისულელეები ვისმინეთ, იგივე სისულელეს ლაპარაკობენ ახლა ბაჩიაშვილთან დაკავშირებით. საქართველოში არავის აწამებენ და საქართველოში სიცოცხლეს არავის ართმევენ. ახლა მათ აქვთ პოლიტიკური იდეა, როგორმე ადამიანები დაარწმუნონ, რომ შესაძლებელი, დასაშვებია, ვიღაც აწამონ, მით უმეტეს, თუ ბიძინა ივანიშვილთან აქვს სასამართლო დავა. სულ არ აინტერესებს არავის ბაჩიაშვილის ცხოვრება. პირიქით, მგონი, მას დაცვა უნდა გავუძლიეროთ, რომ თავად არ მოწამლონ და არ გააკეთონ ისეთი რამ, რაც ჩაფიქრებული აქვთ, როგორმე საქართველოს, მის ავტორიტეტს დაარტყან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.