ბალტიისპირელებს ჩანაფიქრი აქვთ ასეთი, რომ თუკი რუსეთი გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირელები იქნებიან პირველი სამიზნე და სჯობს სამხრეთ კავკასიაში გაილაშქრონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ჩვენ უნდა დავახასიათოთ რისთვის ხდება ეს და შემდეგ კალენდარზე ვილაპარაკოთ.
„ბალტიისპირელებს ჩანაფიქრი აქვთ ასეთი, რომ თუკი რუსეთი გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირელები იქნებიან პირველი სამიზნე და სჯობს სამხრეთ კავკასიაში გაილაშქრონ. ამას აღარ ჩამოვთვლი, საგარეო საქმეთა მინისტრები გამოგზავნეს იმ ომისათვის, რომელსაც წესით უნდა მოეყვანა ახალი ხელისუფლება“, - თქვა მან.
კითხვაზე: „ეს ამ მიზანს ემსახურებოდა? იმიტომ, რომ მათგან ჩვენ გვახსოვს კეთილშობილური მიზნები, რომ დემოკრატიის გაძლიერებისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი“.
გია ვოლსკის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამ განაპირობა ის, რომ ზედაპირზე რაც დევს, ეს ლოზუნგები, რომელ დემოკრატიას ემსახურება.
„მაგალითად, იგივე ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ქმრის ბიზნესი რუსეთში. ან ბალტიისპირეთის ქვეყნების ექსპორტი რუსეთში, რომელიც აჭარბებს საქართველოს ღვინის ექსპორტსაც კი. რა დემოკრატიის განვითარებაზეა საუბარი?! ან როდის ფიქრობდნენ დემოკრატიაზე, როდესაც აქ ხალხის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა ხდებოდა. სხვა იდეაა ჩადებული და სწორედ დღევანდელობამ, ტრამპის ადმინისტრაციამ განაპირობა ის, რომ ეს ყველაფერი, ეს ლაპარაკი, ეს ე.წ. ნარატივები, ეს განწყობები, აღქმები გადავიდა მეორე პლანზე და ზემოთ ამოვიდა რეალობაში. რა პრაგმატული, ცივსისხლიანი ყოფილა თურმე მსოფლიო. ბალტიისპირელები, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რასაკვირველია ამ პოლიტიკას მიყვებოდნენ და აგრძელებენ. აგრძელებენ ინერციით.
მეორე, თავის შიგნით, ამომრჩეველს აჩვენებენ, რომ საგარეო პოლიტიკაში რაღაცას წარმოადგენენ და არა მარტო გერმანელები და ფრანგები განაპირობებენ ევროპულ მომავალს, არამედ ბალტიისპირელებსაც შეუძლიათ ეს ბერკეტები მართონ. გადახედეთ, ვინ ამოარჩიეს დაბალ ღობედ, საქართველო, რომელზეც შეტევები ხორციელდებოდა და ახლა კიდევ ამ ბოროტი ინერციით ისევ აგრძელებენ. აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ იმაზე როდის მოაღწევს ეს პოზიტიური ტალღა ჩვენამდე. ჩვენ არ ვიცით, ტალღის დაწყებას კი ვხედავთ, მაგრამ ტალღა როდის აგორდება.
ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ რა მოხდა ოვალურ კაბინეტში, შევაფასოთ, ჩავიდა ლონდონში ზელენსკი და იქ რა ლაპარაკი იყო. ვინ ეთანხმება ევროპული ძალების შექმნას, რომელიც უკრაინას დაიცავს, ვინ არ ეთანხმება, ვინ იქნება შუამავალი უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.