არსებობს პროფესურა, ინტელექტუალური საზოგადოება, რომელიც ფიქრობს, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება საჭიროა, რადგან უნდა მოხდეს ფაკულტეტების რაციონალიზაცია, ჩამოყალიბება დარგების მიხედვით და ძალისხმევის გაერთიანება, ანუ ორი უმაღლესი სასწავლებლის სინერგია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ეს ასევე გულისხმობს პედაგოგიური შემადგენლობის გაერთიანებას და გარკვეულ სპეციალობებზე კონცენტრაციას.

„ვფიქრობთ, სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სექტემბრიდან სწავლა უფასო იქნება, ხოლო მასწავლებლებმა ის უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი შემოსავალი გაიზრდება. მაქსიმალურად გაიზრდება მოთხოვნა ხარისხთან დაკავშირებითაც. ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია არ დაიკარგება და სხვადასხვა ფორმით დარჩება.

ასევე, ვინც ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, მათ მიმართ არანაირი დამატებითი მოთხოვნები არ იქნება. მაგალითად, მესამე კურსის სტუდენტი პირველი კურსის საგნების სასწავლებლად დაბრუნდეს – ასეთი ინფორმაცია სიმართლე არ არის. ვინც მეორე, მესამე, მეოთხე კურსელები არიან, სადაც ჩააბარეს, იმის დიპლომს აიღებენ, მთავარია, კარგად ისწავლონ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, საჭიროა შრომითი ბაზრის შეფასება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ის სპეციალობები, რომელიც ქვეყანას სჭირდება, უფრო ნაკლებად ისწავლება, ვიდრე მათზე მოთხოვნაა.

„ტექნიკურ უნივერსიტეტში უფრო ნაკლები ტექნიკური საგნები ისწავლება, ვიდრე ჰუმანიტარული და სადაც ჰუმანიტარული საგნები გაძლიერებული პროგრამებით უნდა ისწავლებოდეს, იქ ტექნიკური საგნებია შემოსული. გაერთიანება ამ პრობლემას მოხსნის. სინერგიაზე უფრო უნდა ვისაუბროთ, ვიდრე დაპირისპირებაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.