ვიდრე ამერიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ თავის დამოკიდებულებას შეცვლიდა, თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შინაარსი შეიცვალა. ეს ორგანიზაციები იარაღად გადაიქცნენ ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლველად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების დასმულ კითხვას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე:  „ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა – არასამთავრობო ორგანიზაციებს“.

„პერფორმანსი, რომელსაც „ენჯეოები“ აჩვენებენ, იმ კეთილ იდეას არ შეესაბამება, რასაც ქვეყნების განვითარებისთვის დახმარება ჰქვია. მართვის და თან უხეში მართვის მექანიზმებად იქცნენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანებული საზოგადოება ადამიანების გუნდად გადაიქცა, რომელთა შემოსავალი ექსტრემიზმის განვითარებიდან ყალიბდება. ანუ, მათ პროფესიად იქცა ექსტრემიზმი, რევოლუციონერობა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელში აიღეს სისტემის მართვა. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება განპირობებულია არა პოლიტიკური გემოვნებით, არამედ იმ მძიმე რეალობით, რაც მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების სახეცვლილებამ გამოიწვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.