არ მგონია, რომ დავით კეზერაშვილს მხოლოდ ეს ხუთი მილიონი ჰქონდეს მოპარული, საკმაოდ სერიოზული სიმდიდრის მფლობელია, ასე რომ, არ მგონია, „ფორმულას“ რაიმე ემუქრებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 060 000 ევროს გადახდასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა.
„არც იმას ველოდები, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოვლენ და თავის დამფინანსებელს შეარცხვენენ იმის გამო, რომ ქართულ ჯარს ფული მოჰპარა. შეიძლება, პირიქით, წაახალისონ კიდეც. არ უნდა მოეპარა ფული. დადასტურებულია, რომ ფული, რომელიც განკუთვნილი იყო ქართული ჯარისთვის, ოფშორულ ზონაში, მის ანგარიშზე მოხვდა. ვის აფინანსებს, „ფორმულას“ და რა პოლიტიკური გემოვნება გააჩნია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ფული არ უნდა მოიპარო. არ იცით, რომ თანხა მოპარული აქვს? – ფაქტები არსებობს. 2008 წლის შემდეგ ეს ადამიანი მილიონერი გახდა. ალბათ, აქამდე უნდა მოგვეკიდა ხელი და ეს იქნებოდა სწორი. რაიმე შეცდომა თუა დაშვებული სასამართლოსა და საგამოძიებო სამსახურის მიერ, ისაა, რომ დროზე არ მოკიდეს ამ ადამიანებს ხელი, უფრო ადრე უნდა მოეკიდათ ხელი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.