სააკაშვილი როცა დამსახურებულად იხდის სასჯელს და გვევლინება „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების ერთგვარ შემკრებად, ამ მოზაიკას აკოწიწებს ქალბატონი ზურაბიშვილი. ეს დღეს ნათლად გამოჩნდა. ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ირაკლი კობახიძის და სხვების პროგნოზები მართლდება, ქალბატონი ზურაბიშვილი ერის გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურიდან ტრანსფორმირდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების შემკრებ ერთგვარ ლიდერად და ამაში ძალიან გაიწაფა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „მოამბეში“ განაცხადა. 

მისივე თქმით,  ამას აკეთებს ის ქალბატონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ხელისუფლებაში და უამრავი ჯაფა გასწია ამისთვის.

„გახსოვთ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიპეტიები და არა მხოლოდ. ბევრს ავიწყდება, რომ იქამდე ქალბატონი ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარად გამოძერწა. არც მთაწმინდაზე იყო არჩევნების მომგები და არც მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნების მომგები იყო. გაგახსენებთ მეორე ტურის პერიპეტიებს. ასე რომ, მისმა ბორბალმა მოჯადოებულ წრეზე იტრიალა და ისევ მიგორდა იქ, საიდანაც მისი მგზნებარე პოლიტიკური კარიერა დაიწყო. გაგახსენებთ 2004 წელს, როცა ის იყო ნომინირებული ჩვენ ქვეყანაში საგარეო საქმეთა მინისტრად. დღესაც მახსოვს სააკაშვილის მიერ ჩატარებული ბრიფინგი იმჟამინდელ საპრეზიდენტო ოფისში, რომელიც კანცელარიაში მდებარეობდა. ასევე გახსოვთ, როგორ გამოაძევეს სამინისტროდან. ძალიან დიდი ნაწილი მან ჩემთან და უამრავ ჩემს თანამებრძოლთან ერთად გაატარა იმჟამინდელ ოპოზიციაში, რომელსაც შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია ერქვა. როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობაა იმჟამინდელ და ამჟამინდელ ზურაბიშვილში. ტრანსფორმაცია მართლაც თვალში საცემია და მისი შეხედულებების, პოლიტიკური გემოვნების რადიკალიზაცია ძალიან სწრაფად განვითარდა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.