მის მოწოდებას ჩალის ფასი აქვს. მას უბრალოდ არ აქვს უფლება ჩაერიოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტის განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს გადადგომისკენ მოუწოდებს.
„ცოტა უხერხულია, ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არღვევს კონსტიტუციას, ჩვენ გვამუნათებდეს ამ მიმართულებით და მოგვიწოდებდეს კონსტიტუციის დაცვისკენ. მისგან ამგვარი შენიშვნები აღარ მიიღება. პრეზიდენტის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელზე და უხეში ჩარევა მის კომპეტენციაში, რაც ვფიქრობ ცალსახად დასაგმობი და დასაძრახია. ამ ლოგიკით რომ მივყვეთ, სალომე ზურაბიშვილიც ძალიან ბევრს არ მოსწონს და ბევრი მოუწოდებს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ იგი ხომ არ დაჰყვება ამ ადამიანების ნებას და ინარჩუნებს თავის ძვირფას თანამდებობას?! მის მოწოდებას ჩალის ფასი აქვს. მას უბრალოდ არ აქვს უფლება ჩაერიოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ის, რომ მან უბრალოდ არ იცის თავისი კომპეტენციის ფარგლები და დიდი ხანია გასცდა კომპეტენციის ფარგლებს, ეს არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პრობლემა“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.