გუშინ ძალიან დიდი დღე იყო საქართველოსთვის, მისი უახლოესი ისტორიისთვის, საამაყო დღე, რომელმაც ახალი იმედი და უფრო დიდი გამარჯვების რწმენაც ჩაუსახა ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ხელისუფლების და საზოგადოების მონაპოვარი, რამაც ყველა უნდა გააერთიანოს.
„დღეს უკვე ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ცოტა უკლია და ძალიან მალე ევროპული დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ეს არის უდიდესი მონაპოვარი ყველასი ერთად, ხელისუფლების, საზოგადოების, არ დავყოფ არავის. ახლა ვფიქრობ, ამ უდიდესმა წარმატებამ უნდა გააერთიანოს ყველა, არა მხოლოდ დღეს, არამედ მომდევნო დღეებში. ამით ჩვენი შრომა არ სრულდება, ბევრი ნაბიჯი იქნება გადადგმული მომავალ წელს, შემდგომ წლებში, რათა შემდგომ გავხსნათ მოლაპარაკება ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანებისთვის და გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არ იქნება მარტივი, არც იქამდე გასავლელი გზა იყო მარტივი. ზოგადად, ჩვენ ქართველები და ამ ქვეყნის მოქალაქეები საფრთხეებს არ შევუშინდებით, უკან არ დავიხევთ და პირიქით, ბევრი ახალი გამოწვევა უფრო წაგვახალისებს, რომ ვიყოთ აქტიურები, მიზანდასახულები და საბოლოოდ, გავწევრიანდეთ ევროპულ დიდ ოჯახში, სადაც არის საქართველოს ადგილი, ჩვენი ბუნებრივი ნავსაყუდელი. გუშინდელი დღე ერთ-ერთი დასტური იყო ამის. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ევროპას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.