რასაც ამ წუთებში რატი ბრეგაძე აკეთებს, ამით ის ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას. 

„თუ ადამიანი საბოტაჟს უცხადებს მკურნალობას, აგრესიულია, ობსტრუქცია აწყობს და შენ ამას მშვიდად უყურებ, სანამ არ გაჯანჯღარებენ კომენტარს არ აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი იკლავს თავს და შენ, როგორც ხელისუფლება, ხდები ამ თვითმკვლელობის თანამონაწილე, რადგან მათ პასუხისმგებლობაშია ყველაფერი. ბრეგაძე ახლა რასაც აკეთებს, ეს არის მისი მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული ანუ თვითმკვლელობამდე მიყვანა ადამიანის, ამაში მონაწილეა.

გუშინ გადაწყვეტილი იყო მისი გამოჩენა, უკმაყოფილება რომ გადაეფარათ, ეს კადრები უნდა დაედოთ, მაგრამ ეტყობა ღამე იფიქრეს, რომ ეს იყო შეცდომა, რადგან თუნდაც ამ კადრებიც ფონზე, როცა დაინახავ, რომ 1.95 მეტრი სიმაღლის ადამიანი არის 67 კილო, ეს აღარაფერი აღარ იქნებოდა. ამიტომ წავიდნენ მაქსიმალურად სადისტურ სცენარზე, როდესაც მისი რეალური მდგომარეობა არ გვაჩვენეს „ონლაინში“ და კადრები გაავრცელეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამოცანა სტერილური დისკრედიტაციაა. არა უბრალოდ გადაფარვა, არამედ სტერილური დისკრედიტაცია გადაწყვიტეს ისე, რომ ადამიანი არ გამოაჩინეს. კაცის მკვლელსაც კი აქვს საპასუხო სიტყვის უფლება და ზუსტად ეს იგეგმებოდა, რომ გამოჩენილიყო, მაგრამ რატომ ვერ წავიდნენ მის გამოჩენაზე? იმიტომ, რომ მიხვდნენ, მისის გამჩენის შემდეგ ამ კადრების გავრცელებას აზრი აღარ ექნებოდა. რასაც ეგენი აკეთებენ, ეს უკვე სადიზმია. ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფოს ქმედებები. ლეპტოპს 15 წუთში მიურბენინებდა ნებისმიერი, მაგრამ შეეშინდათ.

„ქართული ოცნება“ არის ერთი კოლმეურნეობა, რომელსაც ჰყავს ერთი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ხოლო დანარჩენი ყველა შავი მუშაა. ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს ასეთ საკითხებზე, რომელსაც დღემდე არ სჯერა, რომ სააკაშვილი ცუდად არის, მიაჩნია, რომ ის არის აფერისტი და სიმულანტი, რომ მოკვდეს მერეც იტყვის, სიკვდილიც მისი გეგმის ნაწილიაო. მისი აპოლოგეტები გამოდიან და „ძაღლი მიაკვდა სულშიო“, რეებს ლაპარაკობენ არ გესმით?“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.