ბიძინა ივანიშვილი შეიძლება პრემიერ მინისტრიც გახდეს და შეიძლება პრეზიდენტიც, რაც მისთვის უფრო კომფორტული იქნებოდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების მიზეზები უფრო უნდა ვეძებოთ პირად შფოთებში, პირად ამბიციებში და ა.შ... ის რომ დღეს საპატიო თავმჯდომარე გახდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამით დამთავრდა ეს ისტორია. ეს არის მისი პოლიტიკაში ლეგალიზების დასაწყისი, პირველი ნაბიჯი. შეიძლება პრემიერ მინისტრიც გახდეს და შეიძლება პრეზიდენტიც, რაც მისთვის უფრო კომფორტული იქნებოდა, რასაც მე, სხვათა შორის, ორი თუ სამი წლის წინ, მას ვთავაზობდი. 

ბიძინამ დაინახა, არაფორმალური ძალაუფლების დაკარგვის რისკი, შესაბამისად, ის უბრუნდება ხელით მართვის სისტემას და როგორც რუსები იტყვიან „პალჟენიას დააყენებს“. ვიღაცას შეჭამს, ვიღაცას თავის ადგილზე მოსვამს, ვიღაცას ერთგულების ფიცს დაადებინებს თავიდან და ა. შ...

„ოცნებაში" ახლა ყველას ეშინია, ვის დაეტაკება და ვის შეჭამს, არ იციან, გულში ყველა ტირის“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“  საპატიო თავმჯდომარე იქნება.