პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ( 90 მომხრე) კანონპროექტი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კანონის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას, ცალკეული სახეობის გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებს (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) ახორციელებს მუნიციპალიტეტი, სამინისტროსგან დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, ხოლო დელეგირებულ უფლებამოსილებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას განახორციელებს. აღნიშნული ცვლილებების ავტორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცნობისთვის, კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უნდა მოხდეს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო სათანადო ფინანსური რესურსების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა. კერძოდ, ერთი ტურის (მელიის) ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის 50-ლარი, ერთი მგლის ამოღებისთვის – 100 ლარი. „აღნიშნული თანხები განსაზღვრულია ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ გარეული ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის გათვალისწინებული თანხების მიხედვით. აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლების (2014-2018 წწ.) განმავლობაში მუნიციპალიტეტებმა ხელშეკრულებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში მიიღეს 450-მდე მგლის, 190-მდე ტურის და 10-მდე მელიის ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება, რის საფუძველზეც ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ იქნა 100-მდე მგელი და 60-მდე ტურა“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში. არსებული წესით, თუ გარეული ცხოველის შინაურ ცხოველზე ან ფრინველზე თავდასხმის ფაქტი დგება, მუნიციპალიტეტი მიმართავს გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელიც დელეგირებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს უფლებამოსილების მინიჭებას იმისთვის, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში მოხდეს გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება.