დღეს ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ განცხადებას ახალი პარტნიორობისა და ახალი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკაში. გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა.
„მე მოხარული ვარ, რომ „ვოდაფონი“ შემოვიდა „სელფისთან“ პარტნიორობაში. ჩვენ ვიცით, რომ მალე იქნება პირდაპირი ფრენები ლონდონსა და თბილისს შორის, „ბრიტანული ავიახაზები“ და „იზიჯეტი“ იფრენენ საქართველოში მარტის ბოლოდან. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ეკონომიკა იყოს წარმატებული და გააგრძელოს ღიაობა, ასევე ეკონომიკური რეფორმები იყოს პრიორიტეტი“, – განაცხადა ელჩმა.