„ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მე აქ ვიმყოფებოდი თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ელჩის თანხლებით. პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიწვია, რათა განგვეხილა უცხოური აგენტების კანონის შემოღების ინიციატივა. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეხედულებები. ეს შეხედულებები გამოვთქვი არა მხოლოდ მე, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელმა, არამედ თბილისში მცხოვრებ ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად." - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან "ხალხის ძალის" კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.
"ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი, ღია აზრთა გაცვლა სპიკერთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან. დეტალებში რომ ჩავუღრმავდეთ, ეს არ იყო იოლი განხილვა. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე, ორს იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში გადაეცა. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტები საქართველოში ასეთი კანონის არსებობის აუცილებლობის შესახებ. განხილვა გაგრძელდება. როგორც მივხვდი, ეს კანონპროექტიც კი არ არის, ეს მხოლოდ ინიციატივაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რას მოიცავს ეს ინიციატივა. დიდი იმედი გვაქვს, ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა. ეს იყო პირველი შეხვედრა ამ თემაზე. ორივე მხარემ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი აზრი და მოვისმინეთ თავმჯდომარის მოსაზრება. საუბარი აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.