საქართველოში საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ მტრულად არიან განწყობილი. ამ ყველაფერს, უკვე თითოეული რიგითი მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკური პროცესით ნაკლებად დაინტერესებული ადამიანებიც კარგად იაზრებენ, თუმცა, „ქართული ოცნება“ დიპლომატებთან კომუნიკაციას მაინც განაგრძობს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ისინი ან ბოლომდე კარგად ვერ იაზრებენ, კონკრეტულ ევროპელ ელჩებს რა განზრახვები ამოძრავებთ, ან თავს იტყუებენ და ელოდებიან, რომ ელჩები დამოკიდებულებას შეიცვლიან. არის კიდევ ერთი ვერსია – ხელისუფლება ყველაფერს კარგად აანალიზებს, თუმცა, ფიქრობს, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, დიპლომატებთან ურთიერთობა ამ ეტაპზე მაინც დასაშვებია. საზოგადოებამ მოისმინა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, როდესაც ევროკავშირის ელჩი საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებით, სიდუხჭირითა და სამოქალაქო ომის გაჩაღებით დაემუქრა. თანაც, ცინიკურად, აღნიშნული კომენტარი, თითქოს, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით გააკეთა. მისი განცხადების რეალური მიზნის ამოცნობა არავის გასჭირვებია. უკვე მომდევნო დღეს, ბრიტანეთის ელჩი შეხვდა ე.წ. ოპოზიციურ ალიანსს, რომელიც, სინამდვილეში, მრავალჯერ დაშლილი და გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციის კიდევ ერთი მცდელობაა. იქ შემავალი ძალების ლიდერები თავად იყვნენ მოძალადე რეჟიმის არქიტექტორები, ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორების შემდეგ კი, უკვე მეთოთხმეტე წელია, საკუთარი დესტრუქციული, ანტიეროვნული, გარე ძალების ინტერესებზე მორგებული ქმედებებით საკუთარ ქვეყანასა და ხალხს აზიანებენ. შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური კრიმინალია და ამჟამად გარე პატრონებისგან კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ მართვა აქვს ჩაბარებული, განაცხადა, რომ შეხვედრაზე ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ქვეყნის შიგნით აქციების, ხოლო უცხოეთიდან სანქციების პოლიტიკის გაგრძელებაზე გაკეთდა აქცენტი. პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც კონკრეტული უცხოელი ელჩი არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილ ადგილობრივ რადიკალებს ხვდება და მათ დირექტივებს აძლევს, როგორ უნდა იმოქმედონ საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში საფრანგეთის ელჩი არაოფიციალურ გარემოში, საელჩოს ნაცვლად ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში კონსპირაციულად შეხვდა უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“, თუმცა, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია როდესაც გავრცელდა, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თავი აარიდეს კითხვებს, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს და რა დავალებები მიიღეს. ამას გარდა, საზოგადოებას კარგად ახსოვს ნიდერლანდების ელჩისა და აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი ფიგურის, ელენე ხოშტარიას შეხვედრა არაფორმალურ გარემოში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კონტექსტიც, რადგან აღნიშნული შეხვედრა ხოშტარიას მხრიდან „ქართული ოცნების“ კუთვნილი საარჩევნო ბანერის გამიზნულად დაზიანებიდან მეორე დღეს გაიმართა, რითაც ელჩმა მის მიმართ მხარდაჭერა გვიჩვენა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა რადიკალიზმის, ექსტრემიზმისა და დანაშაულის წახალისება. კიდევ ერთი ფიგურა, რომელიც დიპლომატის სტატუსს ამოფარებული საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს აქტიურად ებრძვის – გერმანიის ელჩია. პეტერ ფიშერმა ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის პროცესში თითქმის ყველა დიპლომატიური სტანდარტი ფეხქვეშ გათელა, არაერთხელ დაარღვია ვენის კონვენცია, ხშირად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და გარე ძალების მორჩილ ადგილობრივ რადიკალებთან აქტიურ კოორდინაციაში იმყოფება. ეს ადამიანი ხან არაფორმალურ გარემოში, ხანაც საელჩოში ხვდება რადიკალებს, თუმცა, ვის, როდის და რა კრიტერიუმებით არჩევს პირებს, რომლებსაც შეხვედრაზე იბარებს, ამაზე კომენტარს, როგორც წესი, არ აკეთებს. საინტერესოა, რომ სწორედ ასეთი შეხვედრების შემდეგ აქტიურდებიან ადგილობრივი ოპოზიციონერები, აქტივისტები თუ „ენჯეოების“ წარმომადგენლები, რაც საფუძვლიანად აჩენს მოსაზრებას, რომ დიპლომატებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებენ, როგორ იმოქმედონ და როგორი დღის წესრიგი შექმნან. ეს მაგალითები ადასტურებს, რომ „დიპლომატები“ ერთი სტრატეგიით მოქმედებენ და მათი ხელწერაც იდენტურია. ეს კი, თავის მხრივ, ცხადად ადასტურებს, რომ თითქმის ყველა მათგანი ერთი ხელით, ძირითადად ბრიუსელიდან იმართება, და ისევე, როგორც ევროპული ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი, საქართველოში მოქმედი ევროპელი ელჩებიც „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის მორჩილი აგენტურაა. მათ ქმედებებსა და ადგილობრივ რადიკალებთან ურთიერთობას თუ გავაანალიზებთ, ძალიან მარტივად დავინახავთ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მორჩილი აგენტურის სუბორდინაციულ ვერტიკალში ევროპელ ბიუროკრატებსაც. ევროპელ დიპლომატებსაც და მათ მორჩილ ადგილობრივ ოპოზიციასა თუ „ენჯეოებსაც“ საკუთარი იერარქიული ადგილი უკავიათ, ყველანი კი ერთ ბოროტ ძალას ემსახურებიან“, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა, კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციის, დანაშაულის წახალისების გარდა, არაფერს აკეთებენ“.

„გვესმის „ქართული ოცნების“ სტრატეგია, რომ მოთმინებით ელოდებიან ბრიუსელში არსებული აგენტურის ცვლილებას. მათი გათვლა იმაზე გადის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროპა თვითგანწმენდას მოახერხებს, „დიფ სთეითის“ მარწუხებიდან გათავისუფლდება და ევროპული ქვეყნებისა თუ ევროკავშირის ხელმძღვანელობა საკუთარ სახელმწიფოებსა და კონტინენტზე დაიწყებენ ზრუნვას, რაც აუცილებლად გამოიწვევს საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებას, თუმცა გაუგებარია, ეს როდის მოხდება და ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს რა იძლევა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისების გარდა, არაფერს აკეთებენ. ამავდროულად, ისინი აქტიურ კოორდინაციაში არიან, დავალებებს აძლევენ და განაგებენ ქვეყნის მტერი ოპოზიციის ქმედებებს. მათ არ შეიძლება, ეწოდოთ დიპლომატები, ისინი ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდებიან. შესაბამისად, მათთან ურთიერთობა საქართველოსთვის ზიანის მოტანისა და საფრთხის ზრდის მეტს არაფერს გამოიწვევს. ამიტომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრონ და ელჩების სტატუსის მქონე ამ ადამიანებთან ურთიერთობა დაუყოვნებლივ გაწყვიტონ. აუცილებლად მიგვაჩნია დიპლომატიური პრაქტიკიდან ასეთი ზომების გამოყენება“, – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.