პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს.
"გვსურს გამოვეხმაუროთ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ, აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას“, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, რადგან აბსოლუტურად ახალ პოლიტიკურ რეალობას აყალიბებს.
სამწუხაროდ, საქართველოს, საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული უსაფრთხოების სტრატეგია არ გააჩნია, გვაქვს მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, გარედან თავსმოხვეული კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ვერ პასუხობს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვერც ახალ მსოფლიო რეალობას.
აღნიშნული ჩანაწერი კიდევ უფრო აბსურდული გახადა გასულ კვირას გამოქვეყნებულმა აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ დოკუმენტმა, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ იცვლება „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ არსებული პრიორიტეტები და შესაბამისად, მნიშვნელოვნად იცვლება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა.
ამ დრომდე არსებული სტრატეგიის მიხედვით, აშშ-მა, როგორც NATO-ს მთავარმა კონტრიბუტორმა და ალიანსის რეალურმა მმართველმა, აწარმოა გაფართოების პოლიტიკა, რისი ნაწილიც იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს NATO-ში სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საქართველო აღმოჩნდა ომში - დაგვეღუპა მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები, ათეულობით ათასი ადამიანი იქცა დევნილად, მოხდა ტერიტორიების ოკუპაცია. NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას უკავშირდება უკრაინის დამანგრეველი ომიც, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.
წარმოდგენილი სტრატეგიის მიხედვით, აშშ საგარეო პოლიტიკის მიზნებში პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთთან „სტრატეგიული სტაბილურობის“ უზრუნველყოფას და აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს NATO-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ორგანიზაციის აღქმა, რაც აშშ-ს პრობლემად მიაჩნია, ევროპის უსაფრთხოებისა და მომავალი განვითარებისთვის.
აშშ-ის ახალი სტრატეგია არა მხოლოდ ზღუდავს NATO-ს გაფართოებას, არამედ ზოგადად ალიანსის ამ ფორმით არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, როდესაც საკონსტიტუციო ჩანაწერით, ქართულ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმოქმედოს ისეთ კავშირში გაწევრიანებისთვის, რომელიც ახალი წევრების მიღებას ოფიციალურად აღარ აპირებს და რომლის მომავალიც კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.
აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია ეფუძნება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის უპირობო აღიარებას, რომელშიც სხვა დიდ ძალებთან კონკურენციაში წარმატებისთვის, აშშ საკუთარი ინტერესების დაცვაზე ამახვილებს აქცენტს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში სამხრეთ კავკასია საერთოდ არ ფიგურირებს, დაპირისპირებაში ბუფერული ქვეყნების პროქსი-სახელმწიფოებად გამოყენების ალბათობა დიდია, ასევე აქტუალურია „რბილი ძალის“ როლიც, რომელზეც არც ახალი ადმინისტრაცია ამბობს უარს. განსხვავება ისაა, რომ პრიორიტეტები სხვა საშუალებებს აქვს მინიჭებული, ვიდრე ქვეყნებში ვოუქ-კულტურის კულტივირება ან იდეოლოგიების შეტანაა, როგორც წინა ათწლეულებში.
მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასრულების და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ჩვენი ეროვნული ინტერესები.
სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ადეკვატურად უნდა იქნას გააზრებული აშშ-ის მიერ წარმოდგენილი ხედვა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის გლობალურ პოლიტიკას. უპირველესად, თვალი უნდა გავუსწოროთ ახალ რეალობას, ქვეყანა გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად" - ნათქვამია განცხადებაში.







