აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

„შეერთებული შტატები 32 წელზე მეტია საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი და ჩვენს სურვილს, ვიხილოთ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად ვმუშაობდით ეკონომიკის განვითარებაზე, განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების გაძლიერებაზე. შეერთებული შტატები იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევია.  

შეერთებული შტატები გადაჭრით გმობს პარტია „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის, თვითნებური დაკავების და ფიზიკური ძალადობის გზით კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობა. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ შეტყობინებებით სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ადამიანების სერიოზული დაზიანებების შესახებ. მშვიდობიანი  შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ადამიანის უფლების აღსრულებისთვის დაკავებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო თანამდებობის პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძალის უკანონო გამოყენებაზე.

შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა თუ ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, ისინი, ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პასუხს აგებენ. გარდა ადრე ჩვენს მიერ გამოცხადებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვისა, შეერთებული შტატები ახლა  ხელთ არსებული ინსტრუმენტების, დამატებითი სანქციების ჩათვლით, გამოყენებისთვის ემზადება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში.