კობახიძე ძალას არ ასხივებს, შეწუხებული ვარ, როგორ უნდა მივიდეს ადამიანი ბიძინას შიშით ამ ზომამდე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ვაკეში ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ის იყო მისული სოფო კილაძესთან და ყავის დალევა შესთავაზა, რათა საერთო შეხების წერტილები მოეძებნათ, მაგრამ ეს არ გამოვიდა. "შეუძლებელია დაგეგმო შენი განწყობა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ. მაგალითად, როდესაც მე შევედი პარლამენტში, ჩემი განწყობა იყო იგივე. ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და მივედი სოფო კილაძესთან, ვუთხარი დავლიოთ ყავა და ვისაუბროთ-მეთქი, გასაგებია, რომ მოწინააღმდეგები ვართ, მაგრამ იქნებ შეხების წერტილები ვიპოვოთ-მეთქი. სამწუხაროდ, არ გამოვიდა სოფო კილაძესთან", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. გადაცემის თანაწამყვანის ბუკა პეტრიაშვილის რეპლიკაზე, რომ მასთან არავის სვამს ყავას, არც გახარია და არც კილაძე, - ელენი ხოშტარია ასე პასუხობს: "სამწუხაროდ არ გამოვიდა. როდესაც ვხედავ, რომ მერია მხდლად იპარავს მაჩალიკაშვილის კარავს და ვხედავ, რომ პოლიცია ჩაგრავს ადამიანს, იქ კონტექსტიც, ემოციაც და ტვინიც გკარნახობს, რომ უნდა იბრძოლო ბოლომდე. სამწუხაროდ, მაშინ გიწევს ხან მანქანაზე შეხტომა, ხან პოლიციასთან ჭიდაობა. დღეს კობახიძის განცხადებების მიუხედავად ის ძალას არ ასხივებს. მე უფრო შეწუხებული ვარ, რომ როგორ შეიძლება მივიდეს ადამიანი ამ ზომამდე ძალაუფლების დაკარგვის თუ ბიძინას შიშით. გულწრფელად მინდა, რომ არჩევნების შემდეგ სიმშვიდის სახე დაიბრუნოს. მე ვგრძნობ გამარჯვებას, მაგრამ გამარჯვებული წიხლებით კი არ უნდა მოხვიდე, არამედ კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველას ყველაფერი უნდა გაუვიდეს. სასამართლო როდესაც იქნება მე არავინ აღარ მკითხავს ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.