„საქართველო ნელ-ნელა გეოპოლიტიკურ რუკაზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის თავის ისტორიულ, სატრანზიტო ფუნქციას იბრუნებს. არც ევროკავშირი გვეუბნება ამას და არც ჩვენს ინტერესშია, რომ ეკონომიკურად მხოლოდ ევროკავშირს გადავეჯაჭვოთ, პირიქით - ჩვენივე ეროვნულ ინტერესებშია, მჭიდრო ეკონომიკური კავშირი რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან გვქონდეს. ეს ელემენტარული რამ, როგორც წესი, ნებისმიერმა ინვესტორმა იცის - ინვესტიციები სხვადასხვა პორტფელში რომ უნდა განათავსოს, რათა თუ ერთ პორტფელს საფრთხე შეექმნა, მეორე - ამ საფრთხეს გადაურჩეს“, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, ძალიან დიდი პროექტების განხორციელება იგეგმება.

მაგალითისთვის, შეგვიძლია ვისაუბროთ ელექტროკაბელზე, რომელიც თავიდან ბოლომდე საქართველოს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ხორციელდება. საუბარი ეხება ციფრულ კაბელსაც, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თანამედროვე მეცნიერული ტექნიკური პროგრესის გათვალისწინებით, ციფრული ტექნოლოგიები სწორედ ის ტექნოლოგიებია, რომლებსაც ნელ-ნელა მთელი ჩვენი ყოფა-ცხოვრება ერგება. მეხუთე ინდუსტრიული რევოლუცია სწორედ ამ ციფრული ტექნოლოგიების ძალიან დიდ განვითარებაზე იქნება, საქართველო კი ასეთი ტიპის პროექტებიდან არ უნდა იყოს გამოთიშული. საუბარი იყო სომხებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე - საუდის არაბეთთან, თუ აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან. იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები - ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება მათთანაც, რა თქმა უნდა, საქართველოს სასიცოცხლო ეკონომიკურ ინტერესებშია. ევროკავშირთან ინტეგრაციაც იმას გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ფიზიკური ურთიერთდაკავშირებულობა იყოს“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია ეკონომიკური სტაბილურობისა და წინსვლის გარეშე შეუძლებელია, ამისთვის კი, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობა აუცილებელი წინაპირობაა.  

პოლიტიკური ინტერესები ძალიან მჭიდროდ არის გადაბმული ეკონომიკურ ინტერესებთან, უბრალოდ, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა. ამ შემთხვევაში, ჩვენ რასაც ეკონომიკურ ვუწოდებთ, შეიძლება არ იყოს ხელშესახები იმ თვალსაზრისით, რომ არ გამოიხატებოდეს ლარებში, დოლარებში ან ევროებში, მაგრამ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეკონომიკური განზომილება და ფაქტორია რეგიონსა და ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რადგან სწორედ ეს არის ის გარემო, რომელიც აუცილებლად სჭირდება ბიზნესსა და ეკონომიკას, რათა განვითარდეს. როგორც წესი, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიას რომ გადავხედოთ, ხშირად ხდება ხოლმე, რომ ჯერ პოლიტიკური ინტერესებია წინ წამოწეული და პოლიტიკური დაახლოების სურვილი უბიძგებთ ქვეყნებს ეკონომიკური დაახლოებისაკენ და ასევე ხშირად ხდება, როდესაც ეკონომიკური ურთიერთობები უბიძგებს სახელმწიფოებს უფრო მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარონ ერთმანეთთან. მთავარი ის კი არ არის, რომელი ფაქტორები, პოლიტიკური თუ ეკონომიკური უბიძგებს სახელმწიფოებს ერთმანეთს შორის მყარი, კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, არამედ ის, თუ რას მოიტანს ეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ქვეყნის კეთილდღეობისთვის ეს არის სწორედ მომტანი იმ მატერიალური დოვლათის ზრდა და ისეთი ფაქტორების უზრუნველყოფა, როგორიც არის უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა, სიცოცხლის უფლების დაცვა, განათლების მიღების შესაძლებლობები და ძალიან ბევრი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ფაქტორი, რომელიც შეუძლებელია უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობიანი გარემოს გარეშე. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა პრემიერმა ძალიან საინტერესო ინიციატივა გააჟღერა სომხეთში ვიზიტის დროს, რომელიც ეხებოდა მშვიდობიანი პლატფორმის შექმნის ინიციატივას. ჩვენმა ქვეყანამ შუამავლის ფუნქცია ძალიან წარმატებით შეასრულა და ამ ფუნქციის გაძლიერება, რათა რეგიონში ჩვენ ვიყოთ მშვიდობის პლატფორმა და ამ ინიციატივის დახმარებით მოვახდინოთ ამ კონცეფციის - მშვიდობიანი, უსაფრთხო და სტაბილური გარემოს გავრცელება ჩვენს რეგიონში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს აღვნიშნავ - მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია ნომერ პირველი ამოცანაა. ამის შესახებ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ მას. ძალიან ხშირად, როგორც წესი, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ხშირად უთითებენ ისეთ პოლიტიკურ ფაქტორებსა და მდგენელებს, როგორებიცაა სტაბილურობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სამართლებრივი სისტემების დაწესება და ა.. თუმცა, ევროკავშირში ინტეგრაციისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარება და სიძლიერე“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

მან ევროპულ ღირებულებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა ფასეულობა, რომელთანაც ევროპა ასოცირდება, ქართველებისთვის უცხო არაა.

ჩვენ, ქართველებს ევროპა სწორედ იმიტომ გვინდა და იმიტომ არის ჩვენთვის სასურველი, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქართული კულტურა, მენტალიტეტი , ჩვენი ყოფიერება დგას იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ევროპა იზიარებს - ეს არის თანადგომა, სოლიდარობა, თანასწორობა და ა.. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დაცული. ვფიქრობ, ევროპაში თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე პროცესები სწორედ იმის მანიშნებელია და იმის იმედს მაძლევს, რომ ევროპა გონს მოეგება. ამის დასტურად შემიძლია მოვიყვანო ის, რომ ევროპარლამენტარების მიერ მიღებული აბსურდული რეკომენდაციები ევროკომისიამ არ გაიზიარა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფის მიერ მიღებული შესწორებები თვითონ ამ ანგარიშის ავტორმა არ გაიზიარა. ასევე, მახსენდება რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელმაც პირველ რეზოლუციას, რომელშიც ასევე აბსურდები იყო მითითებული, ხელი არ მოაწერა იმის გამო, რომ თქვა - „მე არ გამაჩნია ფაქტობრივი საფუძველი, რომ დავიჯერო რეზოლუციაში მოყვანილი ფაქტების სისწორე“. ასე, რომ ევროპაშიც არის ის ხალხი, ვისაც ნამდვილად გული შესტკივა თავიანთი ევროპული მომავლის რეალურად განვითარებაზე“, - აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.