„ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებზე ისაუბრა და, ამ თემასთან დაკავშირებით, ალეკო ელისაშვილის განცხადებას უპასუხა.
„ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ბატონი ალეკო ელისაშვილის განცხადება, პროვოკაციული და სპეკულაციურია. სწორედ ასე აშინებენ ბენეფიციარებსა და მოსახლეობას, თითქოს, ამ კანონის ამოქმედებით, მათ რაიმე საფრთხე შეექმნებათ. ხაზგასმით მინდა გავიმეორო:
ეს კანონი არანაირად არ ეხება ბენეფიციარებს, მისით არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა არ იზღუდება და ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ პარლამენტის წევრები, მიზანმიმართულად შეჰყავთ ხალხი შეცდომაში, რათა თავიანთი იაფფასიანი პოპულიზმი აამაღლონ.
ეს კანონპროექტი არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის, არავის ღირსებას არ შეურაცხყოფს. იქმნება „უცხოური ძალის გავლენის აგენტის რეესტრი“, რომელშიც მითითება არ ხდება პიროვნებებზე და არავის არ ერქმევა აგენტი. ეს იაფფასიანი სპეკულაციები იმისკენ არის მიმართული, რომ ამ კანონპროექტის ჭეშმარიტი, რეალური მიზანი გააქარწყლონ.
დოკუმენტის რეალური მიზანი საზოგადოების ინფორმირება, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობაა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.