"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"კატეგორიულად ვგმობ სოფელ კირბალთან მომხდარ საგანგაშო ინციდენტს - ოკუპანტების მიერ გასროლილმა ტყვიამ კიდევ ერთი ქართველი შეიწირა.

ჯერ არავინ ვიცით, რა მოხდა და რა ფაქტთან გვაქვს საქმე, თუმცა, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე და მკვლელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს! ამასთან შეგუება არ შეიძლება, ეს არ უნდა ეპატიოს ოკუპანტს.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ცნობისთვის, სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების
ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ".