„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პოზიტიურ სიტყვებს საქართველოს მიმართ განცხადებით ეხმაურება.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, საქართველოს ნამდვილად აქვს დომინანტი სახელმწიფოს ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში.
„როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, აზერბაიჯანს ეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც მას დაიცავს“, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა და საქართველოს პერსპექტივა ევროპულ გზაზე ილჰამ ალიევმა.
მადლობა მსურს გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს როლის აღიარებისთვის არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ, უფრო დიდ რეგიონში. საქართველო აუცილებლად დაიცავს მეგობარი სახელმწიფოების ინტერესებს ევროკავშირში.
ყარაბაღის თემაზე გამართულ ფორუმზე ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთიანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში. დიახ, ეს ასეა. რეგიონში ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობა განაპირობებს არა მარტო სამხრეთ კავკასიის სიმტკიცეს, არამედ, ევროპის სიძლიერესაც.
ილჰამ ალიევმა ხაზგასმით მიუთითა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების საკითხში. ასევე, საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. ️საქართველოს ნამდვილად აქვს დომინანტი სახელმწიფოს ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში. ეს განპირობებულია არა მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ, ორივე სახელმწიფოსთან მეგობრობითა და მჭიდრო პარტნიორობით. ჩვენი პოლიტიკა ხელსაყრელია არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ, დასავლეთის სახელმწიფოებისთვისაც.