„ჩვენ შემოვიტანეთ კანონპროექტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობას, თუ რაში იხარჯება ქვეყნის გარედან შემოტანილი ფული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ არ აპირებდა კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და მათი მიზანი მხოლოდ ხმაურის გამოწვევა და დესტრუქცია იყო.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რაში იხარჯება ფული, რომელიც ხშირად მათ მომავალს განსაზღვრავს.
„ალბათ გახსოვთ ერთ-ერთი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციის ISFED-ის პარალელური დათვლების შედეგი, რომელმაც პრაქტიკულად დარტყმა მიაყენა არჩევნების ლეგიტიმაციას. ლამის რევოლუციური სცენარი განავითარეს და ამ სცენარისათვის ხშირად გარედან შემოტანილი ფულიც იხარჯება. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული და ამ ინფორმაციით შეიარაღებული მთავარი გარანტი ქვეყნის სტაბილურობის საქმეში“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.