„საკუთარ ჯარს დააბრალეს ომის დაწყება ცხინვალში და ახეირეს ოკუპანტი, ახლა კი ევრონესტზე რეზოლუციისთვის მხარის არდაჭერით, ისევ საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აზარალეს და დააზიანეს,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, რა დროსაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა მიმდინარეობდა.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სხდომაზე რამდენიმე ციფრი მოიყვანა, რომელიც ასახავს ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას 2012 წლამდე და მის შემდეგ.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მაშინ 27 მილიარდი იყო ქვეყნის ეკონომიკა, დღეს არის 80 მილიარდი. მთლიანი შიდა პროდუქტი 9 ათასი დოლარი იყო, დღეს არის 22 ათასი დოლარი.
„2012 წელს, როდესაც მოსახლეობამ ხელისუფლებას ჩამოაშორა „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მოსახლეობის 30% იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, დღეს კი 15% -ია. ვიცი ეს რიცხვიც ბევრია. 1%, რომ იყოს ხომ იქნება საუკეთესო მაჩვენებელი, მაგრამ ეს 1% 3700 გაჭირვებული ადამიანია და სიუჟეტისთვის 3-4 ადამიანიც საკმარისი, სპეკულაციისთვის კი - ერთიც.
რატომ შემცირდა სიღარიბე? კი ბატონო პრობლემაა და უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. სიღარიბე შემცირდა იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაიზარდა. შედარებისათვის, რადგან ისევ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვიწევს დებატი ამაზე, სწორედ ამიტომ მინდა შევადარო 2012 წლის მონაცემებს. მაშინ 27 მილიარდი იყო ქვეყნის ეკონომიკა, დღეს არის 80 მილიარდი. მთლიანი შიდა პროდუქტი 9 ათასი დოლარი იყო, დღეს არის 22 ათასი დოლარი. სოციალური ბიუჯეტი მილიარდ 400 ათასი იყო, დღეს არის 5 მილიარდ 400 ათასი. ხედავთ სხვაობას? ბავშვთა სიღარიბეს, რაც შეეხება - 77 000 სიღარიბეში მყოფ ბავშვს რომ გვახსენებს ოპოზიცია, ეს არის მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის მონაცემი. დღეს ეს რიცხვი განახევრებულია, თუმცა ეს ნახევარიც ძალიან ბევრია. 35 ათასი სიღარიბის ზღვარზე მყოფი ბავშვი, რა თქმა უნდა, ბევრია. ერთიც ბევრია, მაგრამ როცა ყოფილი ხელისუფლება გახსენებს თავის მმართველობის დროს არსებულ ორჯერ მძიმე პერიოდს და თითქოს დღეს უარესია, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კიდევ ერთი თემა, რაზეც დიმიტრი ხუნდაძემ გაამახვილა ყურადღება იყო ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება. „2012 წელს უშუალოდ ბავშვთა სოციალური დახმარებები იყო ნული. დღეს კი ეს დახმარებები არის 600 მილიონი წელიწადში. საბავშვო ბაღები, საპრივატიზაციო ნუსხაში პირველ რიგში იდგა, დღეს კი ხდება გამოსყიდვა, რეაბილიტაცია, ახლის აშენება, რომ საბავშვო ბაღები იყოს ხელმისაწვდომი. ბავშვთა კვებაში წელიწადში 60 მილიონი იხარჯება. 234 ათასი ბავშვი ქვეყანაში ყოველ თვე იღებს 200 ლარს. მე როცა ვამბობ 600 მილიონს, ეს არის ჯანდაცვის ბიუჯეტის გარდა. გახსოვთ ჯანდაცვა? - ოჯახის წევრი ექიმთან ბანკის გავლით რომ მიჰყავდათ - სახლებს, ქონებას ყიდდნენ ან ბანკში დებდნენ და მერე თავს ვერ აღწევდნენ იქიდან.
დღეს, ჯანდაცვის სფეროში ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, მაგრამ სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც მაშინ იყო. ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა უბრალოდ არ არსებობდა. დღეს ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვი იღებს თვეში 150 ლარს ბარში და მთაში 200 ლარს, ყოველთვიურად სანამ 2 წლის არ გახდება. ასევე, მთის შესახებ კანონი, რომელიც მანამდე არ არსებობდა, იქ პირველი და მეორე ბავშვი იღებს. მინდა გითხრათ, რომ დემოგრაფიაზე საუბრობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც მრავალშვილიანი დედის სტატუსი გააუქმა და ახლა წინასაარჩევნოდ გაახსენდა, რომ თურმე დემოგრაფია არის საზრუნავი. მაშინ, გააუქმეს და ჩვენს აღვადგინეთ - ყოველი მეოთხე და შემდგომი ბავშვის ყოლის შემთხვევაში დედა რის მრავალშვილიანი. დღეს კიდევ ახალი პროგრამა მოქმედებს ოჯახებისთვის, რომლებსაც აქვთ თავშესაფრის პრობლემა. ასეთი 1000 ოჯახია იდენტიფიცირებული და უკვე ამუშავებულია მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა,“ - განაცხადა სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ.