დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს გაწეული საქმიანობისა და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. მომხსენებელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, სამედიცინო დახმარებას, პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, სოციალური ინიციატივების დაფინანსებას. ასევე, არასრულწლოვნებისთვის სპორტისა და ხელოვნების კურსების დაფინანსებას.

მომხსენებლის ინფორმაციით, პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით. ასევე, მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან რეინტეგრაციის პროგრამაში.

„დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ სარეინტეგრაციო სერვისებით“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

სხდომაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კაიკაციშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში, ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის წევრ უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობას იწყებს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ახალი პოლიტიკის დოკუმენტზე.

ასევე, მიმდინარე წელს დასრულდება რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობა, დიასპორასთან ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

„სახელმწიფოს მხრიდან მიგრანტთა დაბრუნების ხელშეწყობა და მათი საქართველოში რეინტეგრაცია, სახელმწიფო დიასპორული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორი თამთა ბაბუნაშვილი, გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინატორი ნათია კვიციანი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.