სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას უნდა სთხოვდეს, თუ იმ პირების განეიტრალებით იყოს დაკავებული, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს? ახლა სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, შესაძლოა, იმ პირებს ეს ყველაფერი უკვე შემოტანილი აქვთ და სადმე კარავშია დასაწყობებული, იმიტომ, რომ ჯერ არ არის აკრძალული კარავი. აი, ეს სურათი დახატეთ თქვენ, - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ოცნების" დეპუტატებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას.
"მეგობრებო, რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ აქ? შესაბამის ორგანოს აქვს დადასტურებულად მოპოვებული ინფორმაცია, იცის კონკრეტული ადამიანები, იცის მათი გეგმები, იცის, რომ ისინი სადღაც რაღაცების აფეთქებას აპირებენ და ახლა სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, შესაძლოა, იმ პირებს ეს ყველაფერი უკვე შემოტანილი აქვთ და სადმე კარავშია დასაწყობებული, იმიტომ, რომ ჯერ არ არის კარავი აკრძალული და ჩვენ აქ მშვიდად ვიხილავთ ამ საქმეს? აი, ეს სურათი დახატეთ ბატონო გივი, თქვენ და ამ კანონპროექტის ავტორებმა. გსურთ, რომ ამ საკითხის სერიოზულ განხილვაში შემოვიდეთ და ეს ვერ დავინახოთ. თუ ეს ასეა, სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას უნდა სთხოვდეს, თუ იმ პირების დაკავებით, განეიტრალებით იყოს დაკავებული, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს და რომლებზეც იცის, ვინ რას აკეთებენ? ამაზე ვილაპარაკოთ. მე პირადად, გავივლი კონსულტაციას და მოგმართავთ პარლამენტს, ამ პროექტის პარალელურად, დაჩქარებული წესით, განვიხილოთ ახალი კანონპროექტი ცრუ ჩვენების, ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.