ამნისტიას თუ ვინმე იმიტომ აკეთებს, რომ მიზნად და ამოცანად სააკაშვილისთვის რამე შემსუბუქება აქვს, ამაზე არასწორ, არასახელმწიფოებრივ, არასაზოგადოებრივს ვერ გააკეთებ ადამიანი, - ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ამნისტიის აქტს მხარს არ უჭერენ, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ეშინიათ.

მისი თქმით, ამნისტიაზე საუბრისას არ შეიძლება პარალელურად რომელიმე კონკრეტულ გვარსა და სახელზე ისაუბრო.

„რა შუაშია აქ სააკაშვილი ამ საკითხში? სააკაშვილის იქეთ ვერაფერს ვერ ვხედავთ და არ ვხედავთ? ეს იმ ხალხმა იდარდოს, ვისაც ვერაფერი ვერ წარმოუდგენია ამ ქვეყანაში სააკაშვილის თემის გარეშე და გააუბედურეს ის კაცი სწორედ ამიტომ. სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და რა ვქნა ახლა, მე მივცე მოქალაქეობა, რომელზეც თვითონ თქვა უარი? ამნისტიასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება საერთოდ გვარზე და სახელზე ილაპარაკო.

ამნისტიას თუ ვინმე იმიტომ აკეთებს, რომ მიზნად და ამოცანად სააკაშვილისთვის რამე შემსუბუქება აქვს, ამაზე არასწორ, არასახელმწიფოებრივ, არასაზოგადოებრივს ვერ გააკეთებ ადამიანი. ამ ერთის გათავისუფლების ამოცანა მაქვს მე და თუ ამას კიდევ ათასი სხვა ბოროტმოქმედი გაჰყვება, ეს არ მადარდებსო, ამას ამბობს ვინმე? ამნისტია არის არა კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ მოქმედებაზე, რომელსაც მოჰყვება ათასი ადამიანი. მე ერთი ცალი ან ნათესავი მყავს, ან ბიძაშვილი მყავს, ან პოლიტიკური ლიდერი მყავს და ამის გამო ამ მუხლით გასამართლებულ ათას ადამიანს გავუღო ციხის კარი და მერე ვთქვა, რომ მე ამას ვაკეთებ ქვეყნის სასარგებლოდ, ცოტა უხერხულია ამის დაჯერება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, 2012 წელს „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ამნისტიის პროექტის გარკვეული ნაწილი შეცდომა აღმოჩნდა.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც მოვაწერე ხელი ამნისტიას პრეზიდენტის ნაცვლად იმიტომ, რომ მაშინ სააკაშვილმა არ მოაწერა ხელი. იმ ხელმოწერის ერთ ნაწილს მე ყოველთვის დავიცავ და მხარს ვუჭერ. მჯეროდა და იმიტომ მოვაწერე ხელი, კი არავინ დამაძალა, მაგრამ ძალიან ხშირადაა, როცა რაღაც გჯერა და აღმოჩნდება შეცდომა. მთლიანად და სრულად არა, მაგრამ მაშინდელი ამნისტიის ერთი ნაწილი აღმოჩნდა შეცდომა. იმ ამნისტიაში მოხვედრილი ყველა ადამიანი არ მგონია, რომ საამნისტიო იყო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.