„ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნისა და ამჟამად სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, შოთა უტიაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„საქართველო იყო სათამაშო ამერიკისა და დასავლეთის ხელში. ახლა ეს სათამაშო გატყდა და მას არავინ აქცევს დიდ ყურადღებას“, - აცხადებს უტიაშვილი, რომელიც ახლა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.
„შოთა უტიაშვილსა და მის გამონათქვამებს შეიძლება სხვადასხვა შეხედულების კუთხით შევხედოთ და აქ არ უნდა შევცდეთ. ვიღაცისთვის, ის ამჟამინდელი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, ჩემთვის კი - ვანო მერაბიშვილის რეპრესიულ-პოლიციური აპარატის მთავარი „გამპრავებელი“.
გარდა ამისა, სააკაშვილის რეჟიმის შეცვლისთანავე - აშკარად გამოიკვეთა საინფორმაციო ჯაჭვი: უტიაშვილი - კვესიტაძე - გვარამია, რომელიც ეფექტური გამტარი იყო ამ ადამიანის ხელთ არსებული უმნიშვნელოვანესი ოპერატიული დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო მასალების „მთავარი არხიდან“ მაყურებლამდე მიტანის კუთხით.
ამ ეტაპზე, ძნელია, გვარამიას (როგორც დამკვეთის) გარეშე დარჩენილი უტიაშვილის მოტივაციის გარკვევა, როდესაც გამოცემა The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან განაცხადა: „საქართველო იყო სათამაშო ამერიკისა და დასავლეთის ხელში. ახლა ეს სათამაშო გატყდა და მას არავინ აქცევს დიდ ყურადღებას“ - თუმცა მე ვეცდები, ვუპასუხო ამ მეცნიერ-თანამშრომელს.
კარგია, რომ აღიარებითი ჩვენებების სეზონი დაგიდგათ, რის გამო პერიოდულად ერთმანეთის დედების მოხსენიებით ხართ დაკავებული ან „რუსული ხომალდის“ მისამართით უშვებთ ერთმანეთს. კარგია, რომ „ანტიდასავლური და აგრესიული რიტორიკის“ სიხშირეზე თავად მოკალათდით - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
არ გეთანხმებით მხოლოდ ერთ რამეში - „თოჯინა და მარიონეტი“ საქართველო კი არ გატყდა, ის გამოაცალა „კუკლავოდ“-აგენტოკრატების ხელებიდან ქართველმა ხალხმა და იმ სამშობლოს დაუბრუნა, რომლის განადგურება თქვენ ვერ მოასწარით და, დიახ, ასეთმა საქართველომ დაკარგა აგენტოკრატების ინტერესი, თუმცა მათი მხრიდან მისი განადგურების უშედეგო და ფუჭი მცდელობა ჯერ კიდევ გრძელდება“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.