„დღეს მთელი მსოფლიო ნახავს, ვინ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ვის ნებას ემორჩილება ეს ხელისუფლება,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საყოველთაო - სახალხო შეკრებაზე.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ქართველი ხალხი საკუთარ ნებას აფიქსირებს. „თუ ვინმეს სწყურია ქართველი ხალხის და მისი ნების ნახვა, მთელს მსოფლიოს ამის უნიკალური შესაძლებლობა დღეს აქვს,“ - აღნიშნა მან.
„ჩვენი დაუძინებელი მეგობრები მუდმივად აპელირებენ, რაღაც მითიური ქართველი ხალხის ნებაზე - დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანაში შემოიღონ ლგბტ პროპაგანდა, ჩვენი სასამართლო სისტემა დაუქვემდებარონ უცხოელებს, შეზღუდონ ჩვენი სუვერენიტეტი და ა.შ.
დღეს მთელი მსოფლიო ნახავს, ვინ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ვის ნებას ემორჩილება ეს ხელისუფლება.
ბოლო ათ დღეში ყველაფერს, წმინდას გადაუარეს. ილიასეული ტრიადიდან სარწმუნოება საერთოდ ამოაგდეს საინტერესო ნარატივით - რუსებსაც იგივე სარწმუნოება აქვთ და მათი სარწმუნოება, ჩვენი სარწმუნოების გვერდით, როგორ დავტოვოთო. ანუ კანონს გამჭვირვალობის შესახებ თავი რომ დავანებოთ სარწმუნოებაც რუსული გვქონია. რაც შეეხება მამულს, რახან აფხაზეთი რუსეთის ხელშია, იფიქრეს ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა და ევრორეზოლუციაში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ისე შეიტანეს და ამ ნაბიჯით აფხაზეთი ლანგრით მიართვეს კრემლსა და პუტინს. ქართული ენა სიყვარულის, სახარების და გიორგი მთაწმინდელის ენაა. იქით კი არის დეზინფორმაციის და ცილისწამების ენა. თუ ვინმეს სწყურია ქართველი ხალხის და მისი ნების ნახვა, მთელს მსოფლიოს ამის უნიკალური შესაძლებლობა დღეს აქვს,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
დღეს, პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
ასევე, ევროპარლამენტარები მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო რაც დღემდე გრძელდება