„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის მიერ სენატში მოსმენის დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„არაა გამორიცხული, მედიაში გაჟონილი ინფორმაცია, რომ აშშ-ის ახალი ორპარტიული მინისტრთა კაბინეტი მართლაც შეუდგა ზელენსკის ხელისუფლების ჩანაცვლების გეგმას, სიმართლესთან ახლოს იყოს. არაა გამორიცხული ასევე, რომ თვით ქალბატონი ვიქტორიაც კიევში იმ „პეჩენიის“ უკან წასაღებად ჩაფრინდეს, რომელიც 2014 წელს მაიდანის დღეებში დაურიგა უკრაინელ რევოლუციონერებს. ამისთვის მას ძალზე სერიოზული საბაბი აქვს. კვამლი ცეცხლის გარეშე რომ არ იქნებოდა, ამაზე მისი განცხადებაც ცხადყოფს:
„ადმინისტრაცია მომავალშიც კონცენტრირებულია იმაზე, რომ არ დაუშვას დახმარებისა და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, საკონსულტაციო კომპანია Deloitte-თან და აშშ-ის სამთავრობო აუდიტორების ჯგუფთან, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში კიევში იმყოფებიან”.
ამ განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არა მისი ტექნიკური თუ პროცედურული შინაარსია, თუმცა თვალში გხვდება ამ აუდიტორული ფართო შემადგენლობითი ჩამონათვალი, არამედ - თვით ამ განცხადების ფაქტი. აშშ-ის შესაბამისი აუდიტორული ორგანიზაციების მხრიდან საკუთარი საბიუჯეტო სახსრების გამოყენების მიზნობრიობის შემოწმება - წელიწადში ორჯერ, პროცედურულად გაწერილი ვალდებულებების საფუძველზე აქამდეც ხორციელდებოდა, გინდ ერაყში, გინდ ავღანეთში. მაგრამ, ჩვენ არ გვახსენდება არც ერთი ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე ასეთი აუდიტ-ჯგუფების მივლინება მსგავსი ფორმით ყოფილიყო დაანონსებული. ასე რომ, ამ შემთხვევაში ტრივიალურ შემოწმებას მართლაც არა აქვს ადგილი და ქალბატონი ნულანდის განცხადება - აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ ბრიტანეთში ბატონების: დავით კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შარშანდელი შეხვედრა. ერთადერთი - ჩვენ სწორად უნდა ამოვიკითხოთ ამ შეხვედრის მიზნობრიობა და სამოტივაციო შინაარსი. მაშ ასე: ვინ ხვდებოდა ერთმანეთს გასულ ზაფხულს ლონდონში - ქართველი „მედიამაგნატი“ დავით კეზერაშვილი და ამერიკელი პოლიტოლოგი კურტ ვოლკერი, თუ იარაღით გამოცდილი მოვაჭრე კეზერაშვილი და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი სარკინიგზო კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრი ვოლკერი? კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.