ვენეციის კომისიის ერთი და იმავე შინაარსის წიაღსვლები მხოლოდ აღქმებით ანალიზს გულისხმობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის კომისიაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სწორედ იმიტომ დატოვა, რომ მისი საქმიანობა აშშ-ის ინტერესებისთვის შეუსაბამოდ ჩათვალა.

„შეერთებულმა შტატებმა კომისია იმ დროს დატოვა, როდესაც მთელი მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები იღებენ ადეკვატურ კანონმდებლობას, რაც გულისხმობს უცხო ჩარევის შეზღუდვას და პრევენციას სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელებაში. სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ ნაბიჯები და იქნა მიღებული ჩარჩო საკანონმდებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ჩარევის პრევენციას. ვენეციის კომისია აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე აკეთებს მცდარ დასკვნებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს საკუთარ არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: „კანონმდებლობა ხელს უშლის პარტიების სუვერენიტეტის დაცვას, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას“.