ნელ-ნელა საღი აზრი იმარჯვებს გერმანიის ხელისუფლებაში. ის არარსებული ინფორმაცია წაშალეს საიტიდან, თუმცა, როგორც ვიცით, განახლებული ჯერ არ არის. ელჩთან მიმართებით შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემის თარიღიც ჩაინიშნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას რაზე მიუთითებს, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული?
„აბსოლუტურად მზად, ღია ვართ ურთიერთობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან, გერმანელ ხალხთან ისტორიული მეგობრობა, ამ მეგობრობის ბოლომდე აღდგენა. გვინდა, აღდგეს ის ყველაფერი, რაც თავის დროზე აქ მოქმედმა გერმანიის ელჩმა გააფუჭა საკუთარი ქმედებით, თავისი მოქმედების ანტიქართული ხასიათით. ბურთი ნამდვილად არის გერმანიის მხარეს. დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას. ისე კი, საგულისხმოა, რომ ერთმანეთს დაემთხვა ელჩის წასვლა და ამ ინფორმაციის წაშლა, გერმანიის ხელისუფლების მხრიდან შედარებით საღი მიდგომა. საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კითხვაზე, – „გერმანიის ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფიშერის შემცვლელის წარდგენის შემდეგ ელოდებით თუ არა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას?“ – მათიკაშვილმა უპასუხა:
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გერმანიის სახელმწიფოსთან, გერმანიის ხალხთან ურთიერთობა. მოხარულნი ვიქნებით, თუ საქართველოში გერმანიის სახელმწიფოს წარმომადგენელი განმსჭვალული იქნება პოლიტიკური სულისკვეთებით, რომ აღდგეს ურთიერთობა ქართველ და გერმანელ ხალხებს შორის, მეგობრულ მაღალ ნიშნულს დაუბრუნდეს. ამიტომაც ჩვენთვის მისასალმებელი იქნება ასეთი ფიგურის საქართველოში გამოგზავნა და, ზოგადად, გერმანიის ხელისუფლების მიდგომების იმ რელსებზე გადაყვანა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ საწყისებს შეუწყობს ხელს და არა, პირიქით, დაძაბავს ან რაიმე ფორმით გააფუჭებს ურთიერთობებს“.
საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს.
პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჰუმბერტ ქნირში შეცვალა. ფიშერმა საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა 2026 წლის ივნისში დაასრულა.










