წითელი ხაზების გადამლახავი იყო ის, ვინც ცინიკური ლექსიკის გარდა, რომლითაც ეს ადამიანები პარლამენტში გამოირჩევიან, პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა, რასაც ცხადია, სამწუხაროდ, ის შედეგი მოჰყვა, რაც მოჰყვა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა პარლამენტში 26 ივნისს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ცხადია, საზოგადოებას ბოდიში ყველამ მოვუხადეთ. ზღვარსგადასულ ქცევას ადგილი არამხოლოდ იმ დღეს ჰქონდა, არამედ ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის თუ ფრაქციის მხრიდან პარლამენტში შემოსვლის დღიდან ვხედავთ. მათ ქცევას ვაკვირდებით, აქვთ რაღაც მოგიჟიანებული ლექსიკა, აბსოლუტურად გაუგებარი და შეგნებულად შეურაცხმყოფელი ტექსტით გაჯერებული. ამ ყველაფერს არ დასჯერდნენ და უკადრებელი იკადრეს, როცა კოლეგაზე თავდასხმა, პირდაპირ ხელის მოქნევა და გარტყმა მოხდა. ეს ყველამ კარგად დაინახა. შემდეგ დედის შეგინებამ, ხელის გარტყმამ და ა.შ. გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, თუმცა ყველამ, როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ, საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. მნიშვნელოვანია ის, ამ მოცემულობაში, ვინ გადადგა ის ნაბიჯი, რომელმაც წითელი ხაზები გადალახა. სწორედ წითელი ხაზების გადამლახავი იყო ის, ვინც იმ ცინიკური ლექსიკის გარდა, რომლითაც ეს ადამიანები პარლამენტში გამოირჩევიან, პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა, რასაც ცხადია, სამწუხაროდ, ის შედეგი მოჰყვა, რაც მოჰყვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.